ამინდი
-10 გრადუსი ყინვა და თოვლი - როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 26 დეკემბრამდე საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების გართულებაა მოსალოდნელი, კერძოდ: წვიმა, ზოგან ძლიერი, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი.

მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები ჩასასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

23 და 24 დეკემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 6 და 0 და ღამით კი მინუს 2 და მინუს 3 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 8 და 2, ღამით კი მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 7 და 1 გრადუსი იქნება, ღამით მინუს 2 და მინუს 3. ადიგენში დღისით 3 და მინუს 1, ღამით მინუს 7 და მინუს 6 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 3 და 0, ღამით მინუს 7 და მინუს 8 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 1 და მინუს 1 -ს, ღამით მინუს 10 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 4 და მინუს 1 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 8 და მინუს 6 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 4 და მინუს 3, ღამით კი მინუს 7 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 9 და 5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 1 და მინუს 1 გრადუსი იქნება.
| Print |