სიახლეები
ახალციხის პირველი სკოლის რეაბილიტაცია მეათე თვეა მიმდინარეობს
ახალციხის პირველი სკოლის რეაბილიტაცია მეათე თვეა მიმდინარეობს. სკოლის სამშენებლო სამუშაოები ოქტომბრის თვეში უნდა დასრულებულიყო.

მერაბ მიქელაძის ორი შვილიდან ერთი ბავშვი მეექვსე საჯარო სკოლის, ხოლო მეორე მათგანი მესამე სკოლის შენობაში სწავლობს, თუმცა ორივე მოსწავლე პირველ საჯარო სკოლაში ირიცხება. იმის გამო, რომ აქ შენობის რეაბილიტაცია დროულად ვერ დასრულდა, მერაბ მელიქიძეს, შვილების სხვადასხვა სკოლაში მიყვანა ისევ ყოველდღიურად მოუწევს. გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ მშობლები ბავშვების დამატებით საგანმანათლებლო წრეებზე მიყვანას ვეღარ ახერხებენ.

 

პირველი საჯარო სკოლის 950 მოსწავლე ამ დრომდე ქალაქის ორ სასწავლო დაწესებულებაშია გადანაწილებული. პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით ბავშვები მეექვსე საჯარო სკოლაში სწავლობენ, ხოლო მეხუთე–მეთორმეტე კლასის მოსწავლეები – მესამე სკოლაში. ახალგაზრდებს 35 წუთიანი გაკვეთილები დღის მეორე ნახევარში უტარდებათ. სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური ირწმუნება, რომ შემცირებული საგაკვეთილო პროცესი, მათ ხელს არ უშლის, წარმატებული მოსწავლეები აღზარდონ, თუმცა სხვა სკოლის შენობაში სწავლა და გაკვეთილების დღის მეორე მონაკვეთში ჩატარება გარკვეულ დისკომფორტს ქმნის.

პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, კონკურსის წესით შერჩეულმა შპს „ინტერ პლიუსმა“  მიმდინარე წლის 20 იანვრიდან დაიწყო. პროექტის მიხედვით, მშენებლობა ოქტომბრის თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა შენობის რეაბილიტაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. პროექტის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ სამუშაოები დროში არ გაჭიანურებულა, თუმცა პროცესი თავდაპირველად მკაცრი კლიმატური პირობების გამო შეფერხდა.   გარდა ამისა კომპანიას გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულება მოუწია.

პირველი სკოლის რეაბილიტაცია მილენიუმის პროგრამის ფარგლებში 400 000–მდე  დოლარით დაფინანსდა. ამ დროისათვის შენობაში კედლების შეღებვა და იატაკის მოწესრიგება მიმდინარეობს. მშენებლების ინფორმაციით, სრულდება გარეფასადის რეაბილიტაციაც. პროექტის ხელმძღვანელები ფიქრობენ,  რომ  20 ნოემბრისთვის ისინი  სკოლაში მუშაობას დაასრულებენ  და ადმინისტრაციას შეეძლება ევრო სტანდარტების მიხედვით რეაბილიტირებულ შენობაში გადასვლა დაიწყოს.

ავტორები: თიკო კურტანიძე, ბექა ზედგინიძე.

 


| Print |