სიახლეები
სტიქია ადიგენში – დატბორილია სახლები, დახოცილია შინაური პირუტყვი და ფრინველი
ადიგენის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ექვსი სოფელი დააზიანა. ვარხანში, უნწაში, ბენარაში, ფხეროში, არალსა და უდეში სტიქიამ სასოფლო–სამეურნეო სავარგულები გაანადგურა. მათგან ორ სოფელში ვარხანსა და უნწაში ყველაზე მძიმე მდგომარეობაა, რადგან აქ ნათესების დაზიანებასთან ერთად, წყალდიდობის გამო, დახოცილია შინაური პირუტყვი და ფრინველი. ვარხანში დაიტბორა 20–მდე საცხოვრებელი სახლი. სტიქია ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ადგილზე მობილიზებულნი არიან ადიგენისა და აბასთუმნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები. მაშველები სახლებიდან წყალს ტუმბავენ. მათი განმარტებით, მინდორში შეგროვებული წყლის ნაკადები მდინარეს შეუერთდა, რამაც მისი ადიდება გამოიწვია.

სტიქიისგან დაზიანებულ სოფლებში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ზაქარია ენდელაძის განმარტებით, ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისია სტიქიის შედეგებზე უკვე მუშაობს.

მას შემდეგ რაც ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისია სტიქიის შედეგებს შეისწავლის და დასკვნას დადებს, ადიგენის ხელისუფლება იმჯელებს თუ რა სახით შეძლებს დახმარებას მუნიციპალიტეტი დაზარალებულებისთვის. ამ ეტაპზე ზარალის ოდენობა უცნობია.

| Print |