რეგიონი
ასპინძაში თვითიზოლაციის წესების დამრღვევი პირი კარანტინში გადაიყვანეს
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში, კარანტინში გადაიყვანეს პირი, რომელმაც ასპინძის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციის წესები დაარღვია. მოქალაქე ჩეხეთიდან იყო დაბრუნებული და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, პირი ქუჩაში გამოსული დაინახეს და მათ შეატყობინეს. თვითიზოლაციის წესების დამრღვევი პოლიციამ აბასთუმანში მოწყობილ საკარანტინე სივრცეში იძულებით გადაიყვანა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ასპინძის მუნიციპალიტეტში პირმა თვითიზოლაციის წესები დაარღვია. მსგავსი შემთხვევა რეგიონში ორი დღის წინაც დაფიქსირდა, როცა ბორჯომიდან ერთი პირი კარანტინში იძულებით გადაიყვანეს.
„საზღვარგარეთიდან იყო ჩამოსული, იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, თუმცა დაარღვია წესები. ამ პირების მონიტორინგს საზოგადებრივი ჯანდაცვის ცენტრი საპატრულო პოლიციასთან ერთად ვახორციელებთ, თუმცა ამ შემთხვევაში, ქუჩაში დაინახეს ეს მოქალაქე და ანონიმურად დაგვირეკეს“, - გვითხრა ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მზია პაპაშვილმა.
ასპინძის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 22 პირი რჩება. მზია პაპაშვილის თქმით, დღეს კიდევ რამდენიმე ადამიანი დაემატება. ჯერჯერობით არავის გამოუთქვამს სურვილი, რომ თვითიზოლაციის პირობების არქონის გამო, კარანტინში გადაიყვანონ.
გააზიარეთ :