რეგიონი
სომხეთის პრეზიდენტის განცხადებით მინისტრთა კაბინეტი უნდა გადადგეს
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი მიიჩნევს, რომ ნიბისმიერ ქვეყანაში გადაგებოდა მთავრობა, რომელმაც აქამდე მიიყვანა საქმე. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა მოსკოვში თანამემამულეებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

კერძო ვიზიტით სარქისიანი შაბათს გაემგზავრა მოსკოვში, რათა სომხურ დიაპორასთან ერთად ემსჯელა ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზებზე.

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები 10 ნოემბერს დაიწყო, როცა ცნობილი გახდა, რომ მან აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის და იქ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტით, აზერბაიჯანს 90-იან წლებში დაკარგული არაერთი რაიონი უბრუნდება.

29 ნოემბერს მოსკოვში დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კრიზისის გადასაჭერლად სომხეთის მთავრობა უნდა გადადგეს და ჩამოყალიბდეს ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ქვეყანას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე უხელმძღვანელებს.

ამ შეხვედრის ფონია სომხეთის პრეზიდენტის ორი კვირის წინანდელი მიმართვა, რომელშიც არმენ სარქისიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი იქნება. მოსახლეობისადმი მიმართვისას სარქისიანმა თქვა, რომ მისი პოზიცია ეფუძნება პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დიასპორის წარმომადგენლებთან ბოლო დღეებში გამართული კონსულტაციების შედეგებს.

radiotavisupleba.ge
| Print |