რეგიონი
ვაჰაგნ ჩახალიანი მხედრული მამაცობისთვის დაჯილდოვდა
ვაჰაგან ჩახალიანი არცახის რესპუბლიკის მიერ ყარაბაღის კონფლიქტში გამოჩენილი სიმამაცისა და გამბედაოებისთვის საბრძოლო მედლით დაჯილდოვდა. მედალი სომხეთის პრეზიდენტის ხელმოწერით, მებრძოლებს გადაეცათ. დაჯილდოვების ცერემონიას ჩახალიანი არ დასწრებია. პირად ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ შეხვედრაზე მიიწვიეს, მაგრამ მიზეზი არ იცოდა.

"სომეხ ჯარისკაცს არაფერი წაუგია, არც ჯარს. პირადად ვნახე სომეხი მებრძოლის სიმამაცე. ომზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ერთ დღეს ჩემი თვალით ნანახს ფურცელზე გადავიტან, მანამდე კი ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ სიმამაცე და გამბედაობა, ჩვენი დაღუპული ბიჭების გამო და რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ სამშობლო, რომელიც ძალით დააჩოქეს. მე დარწმუნებული ვარ სომეხი ჯარისკაცის მკლავსა და ხმალში, ზუსტად ვიცი, ჩვენი ჯარისკაცები ახალი გამარჯვებების წინაშე დაგვაყენებენ", - წერს ვაჰაგნ ჩახალიანი.

ჩახალიანი მოხალისეთა შემადგენლობაში, ომის დაწყებიდან მეორე დღეს, 2020 წლის 28 სექტემბერს წავიდა. ის აზერბაიჯანულმა მედიამ 25 ოქტომბერს, მთიანი ყარაბაღის რეგიონში, საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულად გამოაცხადა, ჩახალიანმა ფაქტს აზრებაიჯანული მხარის პროვოკაცია უწოდა, ნოემბრის დასაწყისში, მან სხვებთან ერთად სომხეთის პრემიერ - მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ გაილაშქრა. იგი პარლამენტის შენობის შტურმშიც მონაწილეობდა.

,,ჩვენ ბრძოლა უნდა განვაგრძოთ, ეროვნული კრება დაუყოვნებლის უნდა შეიკრიბოს და უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას, რომელსაც არ შეუძლია ქვეყნის მართვა საომარ პირობებში" - განაცხადა სომხეთის პარლამენტის ეზოში საინიციატივო ჯგუფ ,,ნებისყოფის" წევრმა ჩახალიანმა.


ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო, ჩახალიანის დაკავების შესახებ ინფორმაცია მალევე გავრცელდა.

სომხეთში წასვლამდე, დემოკრატიული კავშირის ,,ერთიანი ჯავახქის" თავმჯდომარე ვაჰაგნ ჩახალიანი საქართველოს ეროვნული უშიშროების თანამშრომლებმა 2008 წლის 21 ივლისს დააკავეს. ,,ჯავახქის" ხელმძღვანელი მასობრივი არეულობების მოწყობის, იარაღის უკანონო ტარებისა და ხულიგნობის ბრალდებით დააპატიმრეს. სასამართლომ ჩახალიანს 10 - წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ 2013 წლის 24 იანვარს რუსთავის საპყრობილე პოლიტპატიმრის სტატუსით, გამოცხადებული ამნისტიის ფარგლებში დატოვა.

სომხურ წრეებში ფაქტს ,,გმირის გათავისუფლება", ხოლო ,,საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი" უწოდეს.

სამცხე-ჯავახეთში გავრცელებული ინფორმაციით, ჩახალიანის საქმე მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ერევანში ვიზიტის დროს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მის გათავისუფლებას სომხეთის კათოლიკოსი შუამდგომლობდა.

| Print |