რეგიონი
უამინდობის გამო, რეგიონში 2 500-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

 

ადიგენისა და ახალციხის სოფლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება 22 და 23 თებერვალს შეუწყდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დენი ამინდის გაუარესებისთანავე გაითიშა. ადიგენის სოფლების - ზარზმისა და მოხეს ტერიტორიაზე ელექტროენერგია 22 თებერვლიდან შეწყდა, ახალციხის სოფლების - სვირისა და ბოგის მიმდებარედ კი 23 თებერვალს, დილიდან.

„ძლიერი ქარი იყო, სოფლის ბოლოში დენის ბოძი წააქცია და კაბელები დაწყვიტა. დენი მაშინვე გაითიშა“, - გვითხრეს ადიგენში.

„ენერგო პრო ჯორჯიაში“ გვითხრეს, რომ დენის გათიშვის მიზეზი უამინდობა იყო. ძლიერმა ქარმა ელექტროგდამცემი ხაზები და ბოძები დააზიანა. ამის გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტში 1 400, ახალციხის მუნიციპალიტეტში კი 1 050 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

კომპანიის მთავარი ინჟინერი იმედა ბალახაშვილი ამბობს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგა.
| Print |