რეგიონი
ტრეფიკინგისთვის დაკავებულ მამა-შვილს სოფელი იცავს, პროკურორი კი ბრალდებულთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს
ნინოწმინდის სოფელ ეფრემოვკაში ამბობენ, რომ ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილი უდანაშაულოა და სამი პირი, რომელთა თქმითაც ფერმაში, მონობაში ამყოფებდნენ, იტყუებიან. ბრალდებულთა თანასოფლელები ირწმუნებიან, რომ სომხეთის სამ მოქალაქეს გადაადგილების უფლება შეზღუდული არ ჰქონდა და არც ხელფასზე შექმნიათ პრობლემა.

1960 წელს დაბადებულ ბ.წ.-ს და 1994 წელს დაბადებულ მ.წ.-ს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა ხუთ მაისს ჩაინიშნა.

ბრალდებულების ინტერესებს ვარდო ველიჯანაშვილი იცავს. ადვოკატი tv9news.ge-სთან ამბობს, რომ მამა-შვილი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

„დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ. აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ, გავასაჩივრებთ თუ არა არ ვიცი, არ შემითანხმებია, მათი პოზიცია გასარკვევია“.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულები 2015-2016 წლებში სომხეთის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს კარგ სამუშაო პირობებს დაჰპირდნენ, დაეხმარნენ მათ საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებაში და საკუთარი ავტომობილით საქართველოში ჩამოიყვანეს.

„მიიყვანეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის ახლოს მდებარე საქონლის ფერმაში, სადაც მუქარითა და იძულებით უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას, ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ანაზღაურების გარეშე, მრავალი წლის განმავლობაში ამყოფებდნენ მონობის თანამედროვე პირობებში. გარდა ამისა, ბრალდებულები უკანონოდ დატყვევებულ ადამიანებს თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავდნენ და მუდმივად აკონტროლებდნენ, როგორც პირადად, ასევე, საცხოვრებელ სახლსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების საშუალებით“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ს თქმით, სამართალდამცველებისთვის აღნიშნული დანაშაულის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც სომხეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ ფერმიდან გაქცევა მოახერხა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას შეეცადა სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, რა დროსაც იგი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს.

სოფელ ეფრემოვკას მოსახლეობა შსს-ს არც ერთ ბრალდებას ეთანხმება. ისინი მამა-შვილის დაკავებას აპროტესტებენ და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ოლქის პროკურორი არ გამორიცხავს როგორც დაზარალებულთა, ასევე ბრალდებულთა წრის გაფართოებას.

„რამდენიმე ვერსია გვაქვს, გამოძიება 3-4 დღეა მიმდინარეობს. შეიძლება, რამდენიმე დღე და კვირა დასჭირდეს ყველა დეტალში ბოლომდე გარკვევას. მნიშვნელოვანია, არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ხომ არ არსებობდა თანამზრახველი, მფარველი, სხვა დაზარალებული, ადამიანი, ვინც დანაშაული დაფარა. ვიდრე ეს კითხვები პასუხგაცემული არ იქნება, გამოძიება იქამდე არ დასრულდება“, - ამბობს მალხაზ გეწაძე. 


სამი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

| Print |