რეგიონი
ზარალს ვინ ამინაზღაურებს? - ბაკურიანში სტიქიის შედეგები დაითვალეს

 

დაბა ბაკურიანში, წერეთლის ქუჩაზე, წყალდიდობისგან მიყენებული ზარალი ბორჯომის მერიამ დაითვალა. მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ტაბატაძე ამბობს, რომ სტიქიამ გზის სავალი ნაწილი და ორი ხიდი დააზიანა, დაახლოებით, შვიდი ოჯახი კი დააზარალა. როგორც მერიაში გვითხრეს, საგზაო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და ასფალტი მოწესრიგდება. ხიდები კი მნიშვნელოვნად დაზიანდნენ და მათი რეაბილიტაცია მოგვიანებით მოხდება.

რაც შეეხება დაზარალებულ მოსახლეობას - თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ კანონმდებლობა არ აძლევთ საშუალებას, მოსახლეობას ზარალი აუნაზღაურონ. თვითმმართველობამ მხოლოდ დატბორილი სარდაფებიდან წყალი ამოტუმბა. მათი თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ ხიდების და საავტომობილო გზების შეკეთება მოხდება. რა ოდენობისაა ზარალი, ბორჯომის მერიაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე სრული ინფორმაცია არ აქვთ.

„მოსახლეობას იმ შემთხვევაში დავეხმარებოდით, თუ საცხოვრებელი სახლი დაზიანდებოდა და ამით ოჯახებს პრობლემა შეექმნებოდათ. ამ ეტაპზე ასეთი არაფერი მომხდარა. თუ მოსახლეობას დაუზიანდა ტექნიკა, საშენი მასალა, მოსავალი და ა.შ. ჩვენ კანონმდებლობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ზარალი ავუნაზღაუროთ“, - გვითხრა მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ტაბატაძემ.

ბორჯომის მერიის განცხადების მიუხედავად, მოსახლეობა აცხადებს, რომ ათასობით ლარი იზარალეს.

„წყალი სახლებსა და ეზოებში შევარდა. მეზობელს პირველი სართული მთლიანად დაუტბორა და გაუნადგურა. ჩემი ეზო და ნათესებიც გაანადგურა, ყველაფერი დაიტბორა, „სარაია“, ავტოფარეხი. დაახლოებით, 2-3 ათასი ლარით ვიზარალე. მერიიდან იყვნენ, მაგრამ არავის უთქვამს, რომ აგვინაზღაურებენ, უბრალოდ მოვიდნენ, დააკვირდნენ სიტუაციას და წავიდნენ“, - წუხს აიდა აკოფიანი.

რაც შეეხება მოსახლეობის განცხადებას, რომ წყალდიდობა უკანონო მშენებლობებმა გამოიწვია, გიორგი ტაბატაძე ამას გამორიცხავს და აცხადებს, რომ სტიქია უხვმა ნალექმა და თოვლის დნობამ გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის გამო დაბა ბაკურიანში 11 აპრილს რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო დაიტბორა. მთიდან მოვარდნილი წყალი სანიაღვრე არხებმა ვეღარ გაატარა და წერეთლის ქუჩაზე პრობლემები შექმნა. ადიდებულმა წყალმა სასტუმრო ,,ნოელის" ღობე დაანგრია და ეზო დატბორა, დაზიანდა ასევე შენობის სამრეცხაო და საცხოვრებელი კოტეჯები.
| Print |