უკრაინაში რუსეთის ომი, სავარაუდოდ, მოლაპარაკებით დასრულდება - მარკ მილი
აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი, სავარაუდოდ, მოლაპარაკებით დასრულდება და არა ბრძოლის ველზე.
"სამხედრო თვალსაზრისით, მე მაინც ვამტკიცებ, რომ წელს ძალიან რთული იქნება რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრიდან რუსული ძალების სამხედრო გზით განდევნა",-განაცხადა მარკ მილიმ.
უკრაინაში, ომის 332-ე დღე ისევ აფეთქებების ფონზე გათენდა. გვიან ღამით რუსმა ოკუპანტებმა 27-ჯერ დაბომბეს სუმის ოლქის ორი სასაზღვრო თემი. იერიშები განხორციელდა ხერსონის ოლქზე. დაშავებულია ორი ადგილობრივი, მათ შორის არასრულწლოვანი.
ომში მყოფი ქვეყანა აგრესორის იერიშებს იგერიებს და ამ ფონზე უკრაინა კვლავ დახმარების იმედადაა, თუმცა გერმანია ჯერ კიდევ ფიქრობს გადასცეს თუ არა მას "ლეოპარდები".
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ დღევანდელი "რამშტაინი" უკრაინის გამძლეობას გააძლიერებს.
"დღეს "რამშტაინისა" და უკრაინისთვის თავდაცვითი ამბების დღეა, რომლებიც კვირიდან კვირამდე ჩვენს დიპლომატიურ მარათონს მოაქვს. ყველაფრის საჯაროდ თქმა არ არის შესაძლებელი, რის შესახებაც მიდის საუბრები "რამშტაინის" ფორმატში. დახურული დისკუსიაა და ასეც უნდა იყოს. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღევანდელი "რამშტაინი" ჩვენს გამძლეობას გააძლიერებს. პარტნიორები მტკიცედ არიან თავიანთ დამოკიდებულებაში - ისინი მხარს დაუჭერენ უკრაინას რამდენიც საჭირო ჩვენი გამარჯვებისთვის. დიახ, კიდევ მოგვიწევს თანამედროვე ტანკების მოწოდებისთვის ბრძოლა, მაგრამ ყოველდღიურად უფრო თვალსაჩინოს ვხდით იმის უალტერნატივობას, რომ ტანკების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას,“ - აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი, ოლექსანდრ სტუპუნი ამბობს, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 18 დარტყმა განახორციელა მტრის საკონცენტრაციო უბნებზე.