განათლება
სოფელ აბასთუმნის სკოლაში აუდიტის სამსახური შევიდა
სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში მიმდინარე მოვლენების შესწავლა, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა დაიწყო.

ამ მიზნით, უწყების წარმომადგენლები სკოლას ორი დღით ესტუმრნენ. აუდიტის სამსახურმა დირექტორისა და მასწავლებლების დაძაბული ურთიერთობის საკითხის მოკივლევა, პედაგოგების განცხადების საფუძველზე დაიწყო. სამეურვეო საბჭოს წევრებმა განათლების სამინისტროს მიწერეს, რომ დირექტორმა იმ სხდომის ოქმზე ხელის მოწერა აიძულა, რომელიც არ ჩატარებულა.

მასწავლებლები ამბობენ, რომ მათ აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები გაესაუბრნენ. პედაგოგებმა მათთან სკოლაში არსებულ დაპირისპირებაზე და დირექტორთან ურთიერთობაზე ისაუბრეს.

სკოლის დირექტორი "მე–9 არხის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ შიდა აუდიტის სამსახურმა უკვე გამოკითხა სამეურვეო საბჭოს წევრები, სკოლის დირექტორი და ყველა ის პირი, ვინც დათა დათაშვილისა და ქეთევან ობოლაშვილის საკითხთან კავშირშია. მას შემდეგ, რაც აუდიტის სამსახური საკითხს შეისწავლის, განათლების სამინისტრო მიმდინარე მოვლენებზე რეაგირებას მოახდენს.

შეგახსენებთ, რომ დირექტორმა სპორტისა და საგზაო უსაფრთხოების პედაგოგი სამსახურიდან 10 ივლისს გაათავისუფლა. სამეურვეო საბჭომ ქეთევან ობოლაშვილის ბრძანება და დათაშვილზე დაკისრებული დისციპლინური სახდელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და გააუქმა. მას შემდეგ ქეთევან ობოლაშვილმა პედაგოგ დათა დათაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება რამდენჯერმე სცადა. მასწავლებლების ნაწილი დირექტორის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.

დათა დათაშვილმა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიმართა. მოსამართლემ დათაშვილი პოზიციაზე აღადგინა, თუმცა ეს გადაწყვეტილება დირექტორმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
| Print |