ჯანდაცვა
"სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზრდება" - დავით სერგეენკო
2019 წელს სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზრდება, - ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჯანდაცვის კომიტეტზე განაცხადა.
„ის კანონი, რომელიც მიღებულია, არეგულირებს მთელ რიგ საკითხებს და მათ შორის ხედვას, სოციალური მუშაკების შესახებ. 2009 წელს სოციალური მუშაკების რაოდენობა იყო 171, 2018 წელს - 244, წელს დაგეგმილია 50 სოციალური მუშაკის დამატება. ეს არ არის მხოლოდ სამინისტროს კეთილ ნებაზე ან შიდა გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. ეს კანონის ნაწილია, მათ შორის ქვეყნის ბიუჯეტის კანონის და უნდა მოხდეს შესაბამისობაში მოყვანა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, 2020 წელს დაემატება ასევე 50 სოციალური მუშაკი, 2021 წელს თვითმმართველობებში გაჩნდება სოციალური მუშაკების აქტივობა და ბოლო თარიღი არის 2025 წელი, როცა ერთ სოციალურ მუშაკს არ უნდა ჰქონდეს 50 საქმეზე მეტი.

„ძალიან სამწუხაროდ, წელს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ - 4 წლის გოგონას გარდაცვალებამ, რომელსაც ვერანაირად ვერ ავუვლით გვერდს, მე პირადად დამანახა იმის საჭიროება, რომ ბევრი დაგეგმილი ცვლილება უნდა განხორციელდეს სწრაფად. სოციალური მუშაკები რეალურად მარტო აღმოჩნდნენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების პროცესში. სამინისტროსთან რაიმე ეფექტური უკუკავშირი, რომელიც უზრუნველყოფდა მწვავე საკითხების პრევენციას, დეტექციას და მათზე რეაგირებას, იყო ძალიან სუსტი", - განაცხადა სერგეენკომ.
| Print |