ჯანდაცვა
წელს რესპირაციული ვირუსული ინფექციების შემთხვევები გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ეს იყო 2020-2021 წელს - ივანე ჩხაიძე
როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რამდენი პაციენტი მკურნალობს ახლა რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის დიაგნოზით იაშვილის კლინიკაში. ივანე ჩხაიძეს მოლოდინი აქვს, რომ ოქტომბრის ბოლოდან რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი განსაკუთრებით გააქტიურდება.

რაც შეეხება ვირუსის კლინიკურ მდგომარეობას, როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, რესპირაციულ-სინციტიურ ვირუსს განიხილავენ, როგორც სერიოზულ ვირუსს, რაც დაავადების მძიმე მიმდინარეობას გულისხმობს.

„2022 წელს სხვა მიმართულებით მოხდა ინფექციის მატება, ეს გულისხმობს პიკის გადანაცვლებას მაისი-ივნისის პერიოდში. საქართველოში, განსხვავებული ვირუსული პეიზაჟი გვქონდა ისე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ზამთრის ნაცვლად პიკი დაფიქსირდა გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში. ასეთი რამ არ მომხდარა, ამის უკან დგას პანდემია, კორონავირუსმაც გამოიწვია ასეთი ცვლილება.

რაც შეეხება რესპირაციულ-სინციტიურ ვირუსს, რესპირაციულ-სინციტიურ ვირუსს განვიხილავთ, როგორც სერიოზულ ვირუსს, რაც გულისხმობს დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეს. გრიპთან ერთად ეს ვირუსი განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში განაპირობებს მძიმე მიმდინარეობას, ეს გულისხმობს წვრილი ბრონქების, ბრონქიოლების ანთებას, რასაც ბრონქიოლიტი ჰქვია.

საკმაოდ მძიმე დაავადებაა და ხშირად სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, აქტიური მკურნალობა. ბრონქიოლიტის ანთების შემთხვევაში ბავშვს აქვს შეტევითი ხველა, ხმაურიანი, გახშირებული სუნთქვა, საჭიროებს ჟანგბადის მიწოდებას, აქტიურ აეროზოლოთერაპიას, ეს დიაგნოზი ყველა პედიატრისთვის ცნობილია და ვთვლით, რომ რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.

პირველი იანვრიდან პირველ სექტემბრამდე პერიოდში, მარტო ჩვენთან, იაშვილის კლინიკაში დიაგნოსტირებული იყო ლაბორატორიულად დადასტურებული რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის 105 შემთხვევა. ასეთი რამ არ ყოფილა არცერთ წინა წელს, მიმდინარე წელი გამორჩეულია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წელი ჯერ კიდევ გრძელდება. ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში ეს შემთხვევები კიდევ უფრო მოიმატებს.

ოქტომბერს რაც შეეხება, მალე გვეცოდინება თუ დაფიქსირდა ამ დღეებში რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი. მოლოდინი გვაქვს, რომ ოქტომბრის ბოლოდან მოიმატებს“,
- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.
| Print |