ჯანდაცვა
ნინოწმინდის ერთადერთი პედიატრი, რომელიც კლინიკაში ცხოვრობს
„თუ კლინიკაში მძიმე პაციენტი შემოვა და გამომიძახებენ, ბოდიშს გიხდით, მაგრამ სასწრაფოდ უნდა გავიქცე“, - მითანხმდება და მხოლოდ ამ პირობით ვხდები მისი თანამგზავრი, ერთი დღით. ლამარა დემეტრაძე ექიმია, ის თბილისიდან ნინოწმინდაში ცხრა წლის წინ ჩამოვიდა. მუნიციპალიტეტში ერთადერთი პედიატრია, თუმცა სამედიცინო პერსონალის სიმცირის გამო, რამდენიმე საქმის შეთავსება უწევს. მორიგეობს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, ყოველდღიურად პედიატრიაში, არის სოფლების - დიდი და პატარა არაქალის ოჯახის ექიმი.

„ორ დღეში ერთხელ თერაპიული მორიგეობა მიწევს, შემოდის ძალიან ბევრი ინფარქტით, ინსულტით, ტრავმებით და ამას ხომ გამკლავება უნდა? ადამიანური რესურსი არ არის. ერთობლივად, ერთ გუნდად რაღაცნაირად ვმუშაობთ“, - გვიხსნის, რატომ მუშაობს კვირაში შვიდი დღე.

ლამარა ექიმს ნინოწმინდის ჰოსპიტალში მაშინ მივაკითხეთ, როცა მძიმე პაციენტისთვის კატასტროფის ჯგუფი გამოიძახა, ფონენდოსკოპი და პულსომეტრი ჩანთაში ჩაალაგა და სოფლის ამბულატორიაში წასასვლელად მოემზადა. დიდ არაქალში კვირაში სამჯერ, ძირითადად, ტაქსით მიდის, რადგან სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის. თეთრ ხალათს არასდროს იხდის, არც გზაში.

ნინოწმინდის კლინიკიდან პატარა არაქალის ამბულატორიამდე 9 კილომეტრია. ექიმის კაბინეტი შედგება ორი პატარა ოთახისგან, სადაც ინვენტარი აქვთ, მაგრამ არ აქვთ წყალი, კანალიზაცია და ბუნებრივი აირი. რკინის კონსტრუქციით აწყობილ შენობაში ცივა, სახურავიდან წყალი ჩამოდის. ექიმი იძულებულია, შემოდგომიდან გაზაფხულის ჩათვლით, კარდაკარ იაროს, რადგან ამბულატორიაში პაციენტის მიღებას მხოლოდ ზაფხულობით ახერხებს.

„ზამთარში წარმოუდგენელია აქ მოსვლა, ჯდომა და მუშაობა. ამიტომ გვიწევს ნინოწმინდის კლინიკაში სიარული“, - გვიყვება ვართანუშ ქოსიანი. ის სოფელ დიდ არაქალში ცხოვრობს და იძულებულია ლამარა ექიმს ნინოწმინდაში ჩააკითხოს.

როცა სოფელში ექიმი არ არის, მოსახლეობას პირველად დახმარებას ექთანი უწევს. დიდ და პატარა არაქალში ექთანი ადგილობრივი კარინე თაზიანია.

„სოფელში ჩვენი ექთანი კარინეა, როცა გვჭირდება ღამეც გვეხმარება. გეგმურ აცრებს აკეთებს“, - ამბობს დიდ არაქალში მცხოვრები ლილით იორდანიანი.
პედიატრი ლამარა დემეტრაძე

ლამარა დემეტრაძე თბილისიდან ჯავახეთში ცხრა წლის წინ გადმოსახლდა. სამედიცინო პერსონალის სიმცირის გამო, პედიატრს ნინოწმინდის კლინიკაში დროებით მუშაობა შესთავაზეს. უკან დაბრუნებას არ ჩქარობს, პაციენტების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა სახლში არ უშვებს.

„როცა მოვდიოდი, ჩემმა ოჯახმა არ იცოდა. ვთქვი, რომ მივდივარ ნინოწმინდის კლინიკაში, ექიმი არის ცუდად, რამდენიმე კვირით უნდა ვიმორიგეო და დავბრუნდები. ჩავჯექი „მარშუტკაში“, მძღოლი იყო გოგაშნელი (სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში) კაცი და მთელი გზა მესაუბრებოდა ნინოწმინდაზე, ჯავახეთზე, კუთხის ისტორიაზე. ისე თბილად დამხვდნენ, ისეთი სიტუაცია იყო, რომ ამან გადაწყვიტა ჩემი აქ დარჩენა ერთი წლით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯავახეთმა შეჩვევა იცის. აქ არიან ჩამოსული მასწავლებლები და ერთმანეთს ვეუბნებით: როგორ შევეჩვიეთ, როგორ არ გვინდა უკან დაბრუნება“?

იხსენებს, როგორ გაუჭირდა ნინოწმინდის მკაცრ კლიმატთან შეგუება. ახალ გარემოში ადაპტაციას ენობრივი ბარიერიც ართულებდა.

„ტრენერის პოზიცია მოვირგე. რომ ჩამოვედი ჟვანიას სახელობის სკოლა ფუნქციონირებდა, სადაც მსურველებს ქართულ ენას ასწავლიდნენ. მედპერსონალმა იმდენად გამოხატა ჩემს მიმართ პატივისცემა და უნდოდათ ენის ბარიერი ნაკლები ყოფილიყო, რომ ჩემ გარშემო გოგონები ყველანი ჟვანიას სკოლაში მივიდნენ და ძალიან კარგად აითვისეს სახელმწიფო ენა. მითხრეს, მათთან რუსულად არ მესაუბრა. ახლა შემოგვემატნენ ახლები, რომლებმაც არ იციან ქართული, მაგრამ ამბობენ, დღეში ორი სიტყვა უნდა ვისწავლოთ, რომ უფრო ახლო კონტაქტი გვქონდესო“.

ჯავახეთში ჩამოსვლის შემდეგ, მალევე მოუწია რამდენიმე ადგილას მუშაობის დაწყება. სოფლის ექიმის პოზიცია მის ვრცელ რეგალიას ოთხი წლის წინ დაემატა. ლამარა დემეტრაძე ნინოწმინდაში ერთადერთი სერტიფიცირებული საოჯახო მედიცინის ექიმია, თუმცა კადრების სიმცირის გამო, სხვადასხვა სოფელში სიარული მის არასერტიფიცირებულ კოლეგებსაც უწევთ. ჯავახეთში ზოგიერთი პროფილის ექიმი საერთოდ არ ჰყავთ. ასეთ დროს პაციენტებს სხვა მუნიციპალიტეტებში ამისამართებენ.

„კლინიკაში ერთი რეანიმატოლოგი გვყავს, სამველი. მოდებულია რეგიონს - ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე, სხვა გზა არ არის“.

სხვა გზა არც ლამარა დემეტრაძეს აქვს და წლებია კლინიკაში, ადმინისტრაციის გამოყოფილ ერთ ოთახში ცხოვრობს. შუაღამისას, როდესაც მორიგე ექიმი არ იყო, საავადმყოფოში მისვლა მას უწევდა, ამიტომაც გადაწყვიტა, საცხოვრებლად კლინიკაში გადასულიყო. პაციენტების მეზობლად შესახლებული ექიმი ჯერ კიდევ სირთულეებთან გამკლავებას სწავლობდა, როცა კორონავირუსის პანდემია წამოეწია. ექიმს, რომელიც ისედაც კვირის შვიდივე დღე მუშაობდა, პრიორიტეტების გადალაგება დასჭირდა.

„ჩვენი საავადმყოფო 50-საწოლიან კოვიდკლინიკად გადაკეთდა. უამრავი პაციენტი იყო, ადგილი აღარ გვქონდა, ხანდახან სკამზე რომ დაგვესვა და ჟანგბადი მიგვეწოდებინა, ისიც დიდი შეღავათი იყო ამ ადამიანებისთვის. სამედიცინო პერსონალს ყველას ვირუსი ჰქონდა, სახლში ცუდად იყვნენ, დავრჩით მხოლოდ მე და ერთი ექთანი. მე თვენახევარი პნევმონია მქონდა, უკვე ტესტს აღარ ვიკეთებდი და დღე და ღამე კოვიდიან ხალხს ვემსახურებოდით. ეს დაგვიფასეს და ევექსის კლინიკების გმირის წოდება მომენიჭა, თუმცა ყველა ექიმი, მისი ყოველდღიური საქმიანობით, გმირია“.
ლამარა ექიმი ამბულატორიაში ადგილობრივების გასინჯვის პარალელურად, კლინიკიდან შემომავალ ზარებს პასუხობდა. ზოგი პაციენტი დისტანციურად, სხვადასხვა განყოფილებაში გადაამისამართა, ზოგს დალოდება სთხოვა. საქმიანობა დასრულებული არ ჰქონდა, რომ კლინიკიდან დაურეკეს და მძიმე პაციენტის შესახებ შეატყობინეს. „წუხელ მთელი ღამე არ მძინებია, რთული პაციენტი გვყავდა, როგორც ჩანს ამაღამაც მომიწევს გათენება“, - მითხრა ექიმმა, გადაღების დაწყებამდე დადებული შეთანხმება გამახსენა, სასწრაფოდ ჩაალაგა ნივთები და უკან, კლინიკაში დაბრუნდა.
| Print |