ჯანდაცვა
30 ათასამდე საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა
საქართველოში 30 ათასამდე უვარგისი ვაქცინა გაიხარჯა - ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაავრცელა.

ირკვევა, რომ საქართველოში შემოიტანეს ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოეღოთ, როგორც ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი პრეპარატი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჩატარებული აუდიტით გამოვლინდა, რომ

"შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს. გარე წყაროების მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი მართვის პრობლემები - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით. ვაქცინის შესაძენად კი 32 მილიონი ლარი დაიხარჯა".

თუმცა განმარტებაში ნათქვამია ისიც, რომ მათთვის წინასწარი მოკვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ გასცა რეკომენდაცია ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გარკვეული სერიის წარმოების შეჩერების შესახებ.

,,სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაწილში", - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში ვაქცინაციის საკითხზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში ამბობენ, რომ აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და 2016 წელს ქვეყანაში კანონმდებლობის სრული დაცვით იყო შემოტანილი.


| Print |