ჯანდაცვა
2017 წლიდან საქართველოში წითელას შემთხვევებმა იმატა
2017 წლიდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, მხოლოდ 2018 წელს, 29 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში უკვე აღირიცხა წითელას 102 შემთხვევა, მათ შორის აჭარაში - 86.

"შემთხვევათა 34% მოდის 20 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფში, მაღალია ასევე 1 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წილი 19,5%, რომელშიც ასევე ყველაზე მაღალია ავადობის მაჩვენებელი, 100 000 მოსახლეზე - 58.5, რაც თანდაყოლილი იმუნიტეტის დეფიციტზე მიუთითებს.

აუცრელი ბავშვები, განსაკუთრებით ჩვილები, წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს წითელათი დაავადების, მისი გართულებების და გარდაცვალების მხრივ. ასევე დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან არავაქცინირებული ორსული ქალები. წითელა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა",
- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
| Print |