ჯანდაცვა
ახალნამშობიარები ქალის სიკვდილის მიზეზს, კერძო ექსპერტი დაადგენს
ახალციხეში, კლინიკა იმედში ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა.
სოფელ წყრუთის მკვიდრმა, 22 წლის რუზანა ჩახოიანმა გართულებების გარეშე, ფიზიოლოგიურად, 28 მარტს იმშობიარა. დედა–შვილი თავს კარგად გრძნობდა, თუმცა დღეს დილით, 8–ის ნახევარზე მოულოდნელად გარდაიცვალა.

სამედიცინო დაწესებულებასთან გარდაცვლილის ახლობლები და თანასოფლელები იყვნენ შეკრებილნი. სოფელ წყრუთის მოსახლეობა კლინიკაში შესვლას და ექიმთან გასაუბრებას ითხოვდა. ოჯახის წევრები გარდაცვალებაში კლინიკის მედპერსონალს ადანაშაულებენ.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები. კლინიკასთან შეკრებილ მოსახლეობას შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

ცხედარი კლინიკიდან ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზს ოჯახის მიერ დაქირავებული კერძო ექსპერტი დაადგენს.

მომხდარზე კომენტარს არც კლინიკის ადმინისტრაცია და არც მკურნალი ექიმი აკეთებს. დირექტორი პირად საუბარში ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალს გარდაცვალებამდე არაფერი აწუხებდა და მშობიარობამაც გართულებების გარეშე ჩაიარა. დავით მაისურაძე ვარაუდობს, რომ გარდაცვალება თრომბმა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

| Print |