ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების 2019 წლის ინდექსში საქართველომ მე-60 ადგილი დაიკავა.
საქართველოს 28.98 ქულა აქვს. ქვეყნის რეიტინგი 2018 წლის ინდექსთან შედარებით ერთი პოზიციით გაუმჯობესდა.
ორგანიზაციის ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ
„საქართველოს მედიაგარემო პლურალისტურია, თუმცა კვლავ ძალიან პოლარიზებული“.„ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა გააუმჯობესეს სიტუაცია მედიამფლობელების გამჭვირვალობისა და სატელიტური ტელევიზიის პლურალიზმის კუთხით, თუმცა მედიასაშუალებების მფლობელები მაინც ხშირად ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე სასამართლო დავის შედეგს დიდი გავლენა ექნება.
„ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევები შემცირებულია, თუმცა არის ინფორმაცია მუქარების შესახებ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმის გამოძიებას დამაჯერებელი შედეგები ჯერ არ გამოუღია“, - ნათქვამია ანგარიშში.