პოლიტიკა
ადიგენსა და ასპინძაში "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარეებმა თანამდებობა დატოვეს
ადიგენსა და ასპინძაში "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარეებმა თანამდებობა და პარტია დატოვეს. იმედა მღებრიშვილმა და გია ჭელიშვილმა პოსტის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს და თანამდებობიდან წასვლის მიზეზად თავისუფლად საუბრის სურვილი დაასახელეს.
"ჩვენ უკან დასახევი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და მშვიდობის დასაცავად არაფერი გვაქვს. საჭიროა თავისუფლად საუბარი ყველაფერზე რაც ხდება, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს იმ კითხვებზე პასუხები რომელიც არსებობს, სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ მმართველ გუნდს უხერხულობა არ შევუქმნა მე ვტოვებ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს და პარტია ქართულ ოცნებას, ვაპირებ შევუერთდე იმ ადამიანებს ვინც მზადაა ისაუბროს უფრო ღიად და დაიცვას მშვიდობა, სტაბილურობა ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი" - წერს იმედა მღებრიშვილი სოციალურ ქსელში.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ არ სურთ პარტიას უხერხულობა შეუქმნან და სწორედ ამიტომ ტოვებენ პოსტებს.
"ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმა ბევრი სისხლი დავღვარეთ ევროპისკენ იმედებით მიმავალ გზაზე და დღეს ძალიან რთულ სიტუაციაში, ვხედავთ, რომ ზოგიერთი ვითომ ევროპელი ჩვენს ქვეყანას და ხალხს "ყურის აწევით" ელაპარაკებიან, ცდილობენ ტოლობის ნიშანი დასვან ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპას შორის. სწორედ ეს ხალხი აზიანებს ნამდვილ ევროპულ იდეას ჩვენ ქვეყანაში, რომელიც ჩემთვის ნიშნავს მშვიდობას და არა-ომს, საქართველოს დამოუკიდებლობას და არა-ვასალობას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადავწყვიტე დავტოვო "პარტია ქართული" ოცნება და ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა იმისთვის, რომ თავისუფლად შევძლო ამ ყველაფერზე საუბარი" - აცხადებს გია ჭელიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 11 ივლისის "ქართული ოცნების" პარტია და თანამდებობა დატოვა ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, საბა კბილაშვილმაც.
გააზიარეთ :