საზოგადოება
თავშესაფარი, სადაც ცხოვრება არავის უნდა
ახალციხის გარეუბანში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე დგას შენობა, რომლის კარიც მეოთხე წელია არავის შეუღია. თავშესაფარი ღამის გასათევად მოეწყო, თუმცა ამის სურვილი წლებია არავის გასჩენია.

უფუნქციო თავშესაფრისთვის ფუნქციის მიცემას უკვე მესამე თვითმმართველობა ცდილობს. ვერც გიორგი კოპაძემ, ვერც ვლადიმერ ზედგინიძემ და ჯერჯერობით ვერც ზაზა მელიქიძემ შენობას დანიშნულება ვერ მოუფიქრეს. 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ სკოლა-ინტერნატის ყოფილ შენობაში უკანონოდ მცხოვრებ ვეტერანებს საცხოვრებლად თავშესაფარი შესთავაზა, თუმცა ოჯახებმა უარი განაცხადეს.

თავშესაფრისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2019 წელსაც 9 600 ლარი გამოიყო. თანხა ორი დარაჯის ხელფასზეა გათვლილი. უფუნქციო თავშესაფარს მეთვალყურე იმისთვის სჭირდება, რომ არ გაძარცვონ.



ახალციხელებს კითხვები აქვთ ქალაქში თავშესაფრის საჭიროებაზე. 

„ასეთი თავშესაფარი თუ არსებობდა არც ვიცოდი. ალბათ ჯობია მოსახლეობას გააგებინონ, რომ მანდ რამდენიმე დღის გატარება შეუძლიათ. ასეთი საცხოვრებლები ევროპის ქვეყნებშიცაა,“ - ამბობს ახალციხელი სუსანა აივაზიანი.

„ისეთი ადამიანი უფრო მეტია, ვისაც სახლი არ აქვს და გაჭირვებით იხდის ქირას. თუ ამათთვის გამოინახება ბინა, ძალიან დიდი სიკეთე იქნება“.

„სამი-ოთხი წლის წინ გავიგე რომ თავშესაფარს აშენებდნენ. მაშინვე ვიცოდი, რომ ასეთი ფორმით არ იმუშავებდა. რატომ გააკეთეს არ ვიცი, ბევრი კითხვის ნიშანია ამ საქმეში და უნდა გამოიძიონ ვინ ჩათვალა რომ ეს უფრო სჭირდებოდა ახალციხეს, ვიდრე სხვა რამე.“

„ქუჩაში რომ ღამეს ათევდეს, ასეთი ადამიანი ახალციხეში ჯერ არ მინახავს. ორდღიანი თავშესაფრის აშენებას ჯობდა ისეთი საცხოვრებელი აეშენებინათ, სადაც უსახლკაროები მუდმივად იცხოვრებდნენ“ - ამბობენ ახალციხეში.

შენობაში მხოლოდ პირველი სართულის ექვსი ოთახია მოწყობილი. დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა, სველი წერტილები, თუმცა არ არის სამზარეულო.
„რაღაცები კიდევ გვაქვს შესაძენი, მაგალითად სარეცხის მანქანა, წელს ხარჯთაღრიცხვაში რაიმეს შეძენა არ გვაქვს გათვალისწინებული. ჯერ ისიც ვერ ჩამოყალიბდა, რა ფორმით უნდა დაიწყოს ფუნქციონირება. აქამდე გზაც არ იყო, ნიაღვარმა წაიღო“, - ამბობს „სათნოების სახლის“ დირექტორი ვერა ბარძიმაძე.



გიორგი კოპაძე თავშესაფრის შესახებ კითხვებს აღარ პასუხობს. რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა ასი ათას ლარზე მეტი ოთხი წლის წინ - ამის გასარკვევად ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატთან დაკავშირებას „მეცხრე არხი“ მთელი დღეა ცდილობს. გიორგი კოპაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არც ამჯერად უპასუხა.

თუმცა 2016 წელს ჩვენთან საუბრისას აცხადებდა, რომ თავშესაფარში ერთი ღამის გათევის სურვილი ბევრს ჰქონდა.
„ეს არ იქნება სახლების გადაცემა, ვიღაცას ამის ილუზია არ შეექმნას. ეს არის ადგილი, სადაც ის ადამიანი, ვისაც ამ წუთში არ აქვს სახლი, მივა და ღამეს გაათევს. ძალიან ბევრნი არიან უსახლკაროები, რომლებსაც ღამის გასათევიც კი არ აქვთ. აქ არ არის ლაპარაკი ,,ბომჟებზე", საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ბანკების ან სხვა პრობლემების გამო, დარჩნენ უსახლკაროდ“, - ამბობდა გიორგი კოპაძე 2016 წელს.

უფუნქციოდ დარჩენილი თავშესაფარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყურადღების ცენტრშიც მოხვდა. 2016 წლის ანგარიშში წერია, რომ ახალციხის მერიამ სოციალურად დაუცველებისთვის სახლის მოსაწყობად თანხა არაეფექტიანად დახარჯა.
„ობიექტი არ ფუნქციონირებს, მდებარეობს დაუსახლებელ ტერიტორიაზე, მისასვლელი გზა ავარიულია და ნაწილობრივ გრუნტის საფარითაა წარმოდგენილი. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახარჯულია 134.4 ათასი ლარი. ობიექტი არ ფუნქციონირებს და ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას“.



სათნოების სახლის გახსნის იდეა, ქალაქის ყოფილ მერს, გიორგი კოპაძეს ეკუთვნის. ამის შესახებ მან ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში განაცხადა, თუმცა თავშესაფარი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 118 400 ლარად აშენდა. ახალციხის მერიამ ავეჯი 2016 წლის ივლისის თვეში, 6 790 ლარად შეიძინა. თავშესაფრის მოწყობაზე, რომელსაც ბენეფიციარი ჯერ არ ჰყავს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 125 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. ამას ემატება მოვლა-შენახვის ყოველწლიური ხარჯი.
| Print |
თეგები: თავშესაფარი /