წინა წლებისგან განსხვავებით, ჯავახეთში წელს კარგი მოსავალია, თუმცა მოსახლეობა სხვა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. არასაკმარისი ტექნიკის გამო, ადგილობრივებმა, შესაძლოა, ბოსტნეული დროულად ვერ დააბინაონ.
მკაცრი კლიმატის გამო, გარეთ დარჩენილ მოსავალს განადგურება ემუქრება.
კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ფერმერები ჩივიან, შარშანდელთან შედარებით მოსავლის განახევრებული ფასი და რეალიზაციაა. ომარ ბარსეგიანი, ჯავახეთის მოსახლეობის სახელით, ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
არასწორად დაგეგმილი და მოვლილი ნაკვეთების გამო, ფერმერები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის აგრო კონსულტანტი ნუგზარ კაველიძე ამბობს, რომ ადგილობრივებს უკეთესი მოსავლის მიღება შეეძლოთ, თუ კულტურათა მონაცვლეობით იშრომებდნენ.
ამ დროისათვის კარტოფილის მოსავლის აღება ჯავახეთთან შედარებით, უფრო აქტიურად ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს მონაცემებით, წელს უხვი მოსავალი ფიქსირდება.
სამცხე-ჯავახეთში მოწეული მოსავლის რეალიზაციის საკითხი მოსახლეობისთვის ყოველ წელს პრობლემატურია. სამმართველოში განმარტავენ, რომ მოსავლის ფასებს ბაზარი არეგულირებს.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.