ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება
ერევანში, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტების დროს 170-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მოქალაქეები სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის ცალმხრივად გადაცემას აპროტესტებენ.
ორშაბათს დილით, რამდენიმე ათასმა ადამიანმა დედაქალაქში ქუჩების გადაკეტვა დაიწყო. სომხურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პოლიციამ ადამიანების დაკავებისას არაპროპორციული ძალა გამოიყენა. დაახლოებით 14:00 საათისთვის, პოლიციაში განაცხადეს, რომ არცერთი ქუჩა აღარ იყო გადაკეტილი. დაკავებულებიც დღეს, შუადღისას გაათავისუფლეს.
დაგეგმილი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა კვირას გამართულ აქციაზე გამოცხადდა. საპროტესტო აქციის ლიდერმა, არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა თქვა, რომ იქნება "ტოტალური გაფიცვები, ქალაქის პარალიზებისთვის". გალსტანიანმა განაცხადა, რომ მათ არ უთქვამთ უარი გეგმაზე, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაყენების შესახებ. არსებობს ვარაუდი, რომ გალსტანიანს, შესაძლოა, ახალი მთავრობის სათავეში ყოფნა სურდეს.
9 მაისს, ერევანში, 20 000-მდე ადამიანის წინაშე, საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას გალსტანიანმა არ გამორიცხა ამ როლის შესრულება, თუ საზოგადოება ამას მოითხოვდა. თუმცა, მან ასევე აღიარა, რომ აქვს ორმაგი მოქალაქეობა — კანადის და სომხეთის. ეს კი, მოქმედი კანონმდებლობით, ხელს შეუშლის მის პრემიერ-მინისტრობას.
გალსტანიანმა თქვა, რომ ქვეყანაში უნდა მოხდეს "ფუნდამენტური ცვლილება" საგარეო პოლიტიკაში, გამოირიცხოს როგორც ანტირუსული, ისე ანტიდასავლური პოზიციები და გატარებულ იქნას შეკავების მოქნილი პოლიტიკა.
2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომისა და აზერბაიჯანის მიერ სომხეთში შეჭრის შემდეგ, რომელიც რუსეთის მიერ უპასუხოდ დარჩა, სომხეთი დაშორდა თავის ტრადიციულ მოკავშირეს, რუსეთს და ცდილობს, დასავლეთთან მჭიდრო კავშირების დამყარებას.
გალსტანიანმა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დაადანაშაულა ტყუილში, ცრუ თეზისების გამოყენებაში, "სომხური ეკლესიის დევნაში", სიძულვილის კულტურის გავრცელებაში, ომის მუქარასა და არმიის "დამცირებაში".