ჟურნალისტები, რომლებიც მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ
მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი ჟურნალისტები, რომლებიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ, განცხადებას ავრცელებენ და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსთან, კოკა კაციტაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.
მათი თქმით, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას, რომელიც ამ უწყებამ უნდა გამოიძიოს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს.
„11:00 საათზე მზია ამაღლობელის კოლეგები მთავრობის ადმინისტრაციასთან მოვედით. „ქართული ოცნების" მთავრობის სხდომის პარალელურად გვინდოდა, გაგვეგონებინა ჩვენი ხმა და მოთხოვნები. ჩვენ ვითხოვთ, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
15:00 საათზე საია-ში გაიმართება ბრიფინგი, სადაც საზოგადოება მზია ამაღლობელის შესახებ გაიგებს ახალ დეტალებს.
17:00 საათზე კი მზიას კოლეგები, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მივალთ და კოკა კაციტაძესთან შეხვედრას მოვითხოვთ, რადგან ჩვენ მოვითხოვთ სპეციალურმა საგამოძიებო უწყებამ მზიას მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება და ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს შეუჩერდეს უფლებამოსილება.
ეს საქმე გამოუძიებელი ვერ დარჩება! თავისუფლება მზია ამაღლობელს!" - განაცხადა „პუბლიკის“ მთავარმა რედაქტორმა ლიკა ზაკაშვილმა.
„მზიას დაპატიმრება არის კრიტიკული ნიშნულის გადაკვეთა, ყველა წითელი ხაზის. რასაც რამდენიმე წლის წინ რუსეთში, ბელარუსში და აზერბაიჯანში ვუყურებდით, ზუსტად ასეთი სურათი გვაქვს ახლა საქართველოში. ამას არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან, ეს არის რუსული ავტორიტარული რეჟიმის სურათი და ვეცდებით მზია დავიხსნათ“, - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მონაწილემ, „მთის ამბების“ დამფუძნებელმა გელა მთივლიშვილმა.
ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციელები დახვდნენ.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას ედავებიან.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობის მისჯას ითხოვს.
მაშინ, როცა პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელი პატიმრობაშია, პროევროპულ აქციებზე ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობისთვის არცერთი პოლიციელი არ დაუკავებიათ