აბასთუმანი-საირმეს გზაზე ტრანზიტული ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს
ბაღდათი-აბასთუმნის გზის და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით გვირაბი გაჭრილია, ხელოვნური ნაგებობების ნაწილი დასრულებულია, მიმდინარეობს ხიდების მშენებლობა, კოჭების მონტაჟი, ბურჯების ამოყვანა და საფარის მოწყობა.
მისივე ცნობით, აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი გზის მშენებლობა კვლავ გრძელდება. პროექტის ფარგლებში, 5 ახალი ხიდი და 368 მეტრის სიგრძის გვირაბი შენდება, რომელიც უკვე გაჭრილია.
"ორ რეგიონს - იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთს შორის კავშირის გარდა, პროექტი მნიშვნელოვანია აბასთუმნის განვითარებისათვის. ამ გზის მშენებლობის შედეგად, აბასთუმანი-საირმეს გზაზე აღარ იმოძრავებს ტრანზიტული ტრანსპორტი, რაც კურორტების ეკოსისტემის დაცვას და მისი ახალი განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ბაღდათი-აბასთუმნის და აბასთუმნის შემოვლითი გზა, ასევე, გვერდს უვლის პოპულარულ კურორტ საირმეს და შესაბამისად, გვექნება თვისობრივად განსხვავებული პერსპექტივის ორი კურორტი”, - ამბობს ირაკლი ქარსელაძემ.
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 92 მილიონი ლარით ფინანსდება.
ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი, საგზაო უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, ამცირებს მგზავრობის მანძილსა და დროს. როგორც სამინისტროში ამბობენ, პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება და 4 საათის ნაცვლად, მგზავრობას მხოლოდ 2.5 სთ დასჭირდება.