ნინოწმინდაში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის საქმეზე ახალციხის რაიონულ სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. საქმესთან დაკაშირებით დღეს ხუთი პიროვნება დაიკითხა.
სასამართლოს წინაშე სამცხე–ჯავახეთის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი დავით მერაბიშვილი, ორი გამომძიებელი და ორი ექსპერტ–კრიმინალისტი წარსდგა. მათ 2016 წლის 6 და 7 ივნისს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული საქმიანობის დეტალები გაიხსენეს.
გამოძიებით დგინდება, რომ 6 ივნისს არმენ მარკარიანმა თავისივე მეგობარს არშალუის სანოსიანს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი ნინოწმინდის საავადმყოფოში მიიყვანა. მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვეღარ შეძლეს.
მარკარიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაცვის მხარის მტკიცებით, მარკარიანი თავს იცავდა და ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩაიდინა. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ დანა, რომლითაც სანოსიანი გულმკერდის არეში დაიჭრა, თავად გარდაცვლილის ეკუთვნოდა.
მხარეებმა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე „მეცხრე არხთან“ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.
მომდევნო სასამართლო სხდომა 20 დეკემბერს 13:00 საათზე ჩაინიშნა.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.