ახალციხის სტომატოლოგიურ კლინიკაში ქალი გარდაიცვალა
დღეს, 12 თებერვალს ახალციხის სტომატოლოგიურ კლინიკაში 60 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა დილის საათებში მოხდა.
როგორც tv9news.ge -ს კლინიკის ხელმძღვანელი გიორგი ჩილინგარაშვილი უყვება, ქალი კლინიკის პაციენტი იყო, თუმცა მისივე თქმით, მომხდარში კლინიკის ბრალეულობა არ არის.
"ჩემი პაციენტი იყო, კბილებზე ვმკურნალობდი და ყველაფერი ნორმაში ჰქონდა. დღეს დილით მოვიდა. ჯერ ფანჯარასთან იჯდა, ანკეტას ვამზადებდი და უნდა დამეწყო შესაბამისი პროცედურები, მანამდე არც შევხებივარ. მოულოდნელად ცუდად გახდა, ჩემს დამხმარეებთან ერთად, ყველანაირი პირველადი დახმარება გავუწიე, რაც შეიძლებოდა რომ გაგვეკეთებინა, გამოვიძახეთ სასწრაფოც. სავარაუდოდ როგორც მითხრეს ანევრიზმა გაუსკდა. ეს ნებისმიერ ადგილას შეიძლებოდა მომხდარიყო” - გვეუბნება გიორგი ჩილინგარაშვილი.
კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო ჯგუფთან ერთად, სამართალდამცველებიც იყვნენ მობილიზებული, გამოიკითხნენ თანამშრომლებიც. მომხდარის გამო კლინიკაში სამუშაო პროცესი დღის განმავლობაში დროებით შეჩერებული იყო, თუმცა როგორც გიორგი ჩილინგარაშვილი ამბობს დღის ბოლომდე გააგრძელებენ პაციენტების მიღებას.
მომხდარზე ძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. როგორც უწყებაში გვითხრეს გამოძიება სსკ-ს 116 მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით გულისხმობს.