გაჭიანურებულ მშენებლობაზე ღიად საუბარი არ სურთ მეპატრონეებს. მათი უმეტესობა ძალოვან სტრუქტურაშია დასაქმებული. ისინი ეჭვობენ, რომ ტელევიზიასთან ურთიერთობის შემთხვევაში, მათზე ზეწოლა განხორციელდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქ. ახალციხეში 9– სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო-სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი, 2012 წლის 4 ივნისს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ გამარჯვებულ კომპანიას ა და ბ კორპუსებში 68 კვ.მ. ფართობის, 108–ბინიანი შენობა ხუთ თვეში უნდა აეშენებინა. მოგვიანებით ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოების შესრულების ვადა 2013 წლის 31 მაისამდე გადაწეულიყო.
ტენდერში შპს ,,ზიმომ” 4 680 000 ლარით გაიმარჯვა. აქედან თანხის 1/3 – 1 775 161 ლარს შსს, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იხდიდა. დარჩენილი თანხა კი მესაკუთრეებს, იპოთეკური სესხით უნდა გადაეხადათ.
მშენებარე კორპუსებთან, ჩვენ გადამღებ ჯგუფს, მხოლოდ დარაჯი დახვდა. კახაბერ მოდებაძემ პირად საუბარში აღნიშნა, რომ ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და მხოლოდ გარე ფასადის მოპირკეთებაა დარჩენილი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ კორპუსი რამდენიმე წელია შენდება. მათი თქმით, ტერიტორიაზე მუშები პერიოდულად ჩნდებიან.
შსს–ს მშენებელი კომპანიისთვის, 1 237 227 ლარი უნდა გადაეხადა, აღსრულების ეროვნულ ბიუროს – 268 967 ლარი, ამდენივეს გადახდა უწევდა შემოსავლების სამსახურს.
108 ბინიდან, შსს–ს სისტემის თანამშრომლებისთვის 68 ბინა იყო განკუთვნილი, აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის 20 და ამდენივე სახლი შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის.
2013 წლის 8 მაისს, ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების მიხედვით, შემოსავლების სამსახურმა თანამშრომლებისთვის განკუთვნიული 20 ბინა, შსს–ს სასარგებლოდ დათმო.
მოხდა თუ არა სამინისტროების მიერ თანხის გადარიცხვა კომპანიისთვის და რატომ არ დასრულდა ხუთ თვეში ასაშენებელი სახლი ოთხწელიწადნახევარში – აღნიშნული კითხვებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და შემოსავლების სამსახურს მივმართეთ. ოფიციალურ პასუხს სამივე უწყებისგან ამ დრომდე ველით. ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს სამშენებლო კომპანიაში. ,,მე–9 არხი” აღნიშნულ საკითხს, სამინისტროებისგან მოსული ოფიციალური პასუხის შემდეგ დაუბრუნდება.
ავტორები: რუსუდან გვარამაძე, რამაზ ალავიძე.