საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება პროევროპული დემონსტრაციების დროს ჯგუფური ძალადობის საქმეებზე დაკავებულთა პროცესი, სადაც მოსამართლემ მათი პატიმრობის საკითხზე უნდა იმსჯელოს.
11 იანვრის სხდომას 8 ბრალდებული ჰყავს.
აქედან სამს - ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ზვიად ცეცხლაძეს, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
დანარჩენ ხუთს, მათ შორის 19, 20 და 21 წლის ახალგაზრდებს, ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს - ძალადობაში მონაწილეობას. მათ ოთხიდან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
სასამართლოში იკრიბებიან დაკავებულთა ოჯახის წევრები, მეგობრები, მხარდამჭერები. პროცესის დაწყება 10 საათზე იყო დაგეგმილი.
აღკვეთის ღონისძიების განმეორებით ჩატარების საფუძველი გახდა პროკურატურის მოთხოვნა, გახანგრძლივებულიყო გამოძიების ვადა და, შესაბამისად, გადადებულიყო წინასასამართლო სხდომა. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პროკურატურის ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ანალოგიური პროცესი გაიმართა 10 იანვარსაც, სადაც თერთმეტი პირის პატიმრობის საკითხი გადაიხედა, მათ შორის იყო მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე, სტუდენტი თორნიკე კიკნაძე.
მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მის ამ გადაწყვეტილებას სასამართლოს შენობასა და ეზოში ხმაური და პროტესტი მოჰყვა.
Տարածեք :