მიუღებლის მიღებას არ უნდა შევეგუოთ - ნინო ზამბახიძე
"მიუღებლის მიღებას არ უნდა შევეგუოთ. ეს არ არის მხოლოდ ცალკეული შემთხვევები—ეს ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის მომავალია," - ასე ეხმაურება "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ძალიან მძიმე და მიუღებელია, რომ ადამიანი უკიდურეს ზომას ირჩევს—ბენზინს ისხამს და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს—მხოლოდ იმიტომ, რომ სამართალი ვერ იპოვა.
მიუღებელია, როცა 16 წლის მოზარდს მხოლოდ იმიტომ აკავებენ, რომ მას განსაკუთრებული ნიჭი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებში და საკუთარ ცოდნას სხვადასხვა პლატფორმის გასაუმჯობესებლად იყენებს.
მიუღებელია იმის შეჩვევა, რომ მზია ციხეში შიმშილობს, მაშინ როცა პოლიტიკური შეფასებები მის მდგომარეობას უგულებელყოფს.
მიუღებელია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ითვალისწინებს თავისი თანამშრომლების მოსაზრებებს და არ იზიარებს მათ ხედვას.
მიუღებელია, როდესაც ღირსების ორდენით დაჯილდოებული პირები საკუთარი ქმედებებით ამ ორდენის მნიშვნელობას აუფასურებენ.
მიუღებელია, 5-წლიანი პატიმრობა რომელიც ოკმელას მიუსაჯეს, ისევე როგორც მიუღებელია მრავალი ახალგაზრდა, რომლებიც უსამართლოდ რჩებიან საპყრობილეში.
მიუღებელია, როდესაც სამსახურიდან ათავისუფლებენ მათ, ვინც ღიად გამოხატავს საკუთარ აზრს და ევროპული მომავლის სადარაჯოზე დგას.
მიუღებელია თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, ჟურნალისტებზე თავდასხმა და ძალადობა, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებით.
მიუღებლის მიღებას არ უნდა შევეგუოთ. ეს არ არის მხოლოდ ცალკეული შემთხვევები—ეს ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის მომავალია," - წერს ზამბახიძე.