მებაჟე ოფიცრები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ
დღეს, 20 სექტემბერს, მებაჟე ოფიცრები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ. ეს დღე 2022 წლიდან აღინიშნება. თუმცა, ეროვნულ დონეზე საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული დღის 20 სექტემბერს დაწესება, უკავშირდება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდს, როდესაც ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 30 აგვისტოს მიიღო კანონი „საბაჟო დაწესებულებათა მოწყობის შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა იმავე წლის 20 სექტემბერს და ამ დღიდან ფუნქციონირება დაიწყო დამოუკიდებელი საქართველოს საბაჟო ორგანომ.
საქართველოს საბაჟოს ფუნქციაა, ქვეყნის საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფიზიკური პირების საბაჟო კონტროლი, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, პრევენცია და აღკვეთა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მითითებული ქმედებები დაკავშირებულია ისეთ საქონელთან, როგორიცაა: ნარკოტიკი, იარაღი, ნაღდი ფული, ორმაგი დანიშნულების საქონელი, მომწამლავი და ფეთქებადი ნივთიერებები, სხვა აკრძალული ან შეზღუდვას დაქვემდებარებული საქონელი.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო კონტროლის შედეგად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მებაჟე-ოფიცრების მიერ გამოვლინდა და აღიკვეთა 62 482 სამართალდარღვევის ფაქტი, რომელთა შორის იყო ნარკოტიკული/ფსიქოტროპული საშუალებები, არადეკლარირებული ძვირფასეულობა და ძვირფასი/ნახევრად ძვირფასი ქვები, იარაღი და საბრძოლო მასალები, არადეკლარირებული სიგარეტი და სხვა.