ადიგენელ მახარე გოგატიშვილს აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან - სასამართლოში სხდომა ჩაინიშნა
ადიგენის, სოფელ ჩორჩანში მცხოვრებ მახარე გოგატიშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, 18 იანვარს თბილისში აქციის დროს, გზის გადაკეტვას ედავება.
ამის შესახებ უწყებამ, გოგატიშვილს რამდენიმე დღის წინ აცნობა. ოჯახის წევრებისთვის ეს ფაქტი მოულოდნელი იყო, სხვა დეტალები ჯერ არ იციან და სასამართლო სხდომას ელოდებიან.
"თავისი მოქალაქეობრივი სურვილით იყო აქციაზე, დაგვირეკეს და გვითხრეს რომ გზის გადაკეტვის გამო დაბარებულია გამოკითხვაზე და სასამართლოც იქნება. სოფელში ვართ და წასვლა ვერ მოახერხა. ახლა ველოდებით სასამართლო სხდომას, არ ვიცით რა იქნება. ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო" -ამბობენ ოჯახის წევრები.
გზის გადაკეტვის ბრალდებით, სასამართლოში დაბარებას შესახებ, სოციალურ ქსელში დაწერა თავად მახარე გოგატიშვილმა- "ეს დროც დადგა! რუსთაველზე გზის გადაკეტვას მედავებიან!!! მალე შენც გახდები ამ უსამართლობის მსხვერპლი დამიჯერე ტაშის დამკვრელნო!!!".
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციულ საქმეზე, მახარე გოგატიშვილის სხდომა 11 თებერვალს 16:00 საათზე ჩაინიშნა. საქმის მოსამართლე ნინო ენუქიძეა.