სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 10 ფაქტი გამოვლინდა
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვრის თვეში, სამართალდარღვევის 47 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევებიდან 43 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 52 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც, შემდგომი განკარგვის მიზნით, სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
სააგენტოს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 16 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 10 - სამცხე-ჯავახეთის, 6 - მცხეთა-მთიანეთის, 1 - იმერეთის სატყეო სამსახურის, 2 - ქვემო ქართლის, 2 - შიდა ქართლის, 3 - გურიის, 1- რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთისა და 2- სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 4 ფაქტი.
სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგები, რაც, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებასთან ერთად, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოვლენის საშუალებას იძლევა.