საქართველოში მოსახლეობის დაბერების პროცესი მზარდია
საქართველოს მთლიან მოსახლეობაში პენსიონერთა რაოდენობა ბოლო 5 წელში 10.2%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მოსახლეობის 23%-ზე მეტი საპენსიო ასაკის მოქალაქეა. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 3.69 მლნ ადამიანზე მეტი ცხოვრობს, საიდანაც 864 ათასზე მეტი პენსიონერია. მონაცემები აჩვენებს, რომ მოსახლეობის დაბერების პროცესი მზარდია.
მთლიან მოსახლეობაში პენსიონერების წილის ზრდა ცხადია, ერის დაბერებას ნიშნავს, რასაც დემოგრაფები შობადობის შემცირებით და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდით ხსნიან. გარდა ამისა, დემოგრაფი გიორგი მელაძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი ქვეყნიდან ახალგაზრდების გადინების გამოც ხდება.
მისი თქმით, ემიგრაციაში მიდიან 20-50 წლის ასაკის მოქალაქეები, რომელთა წილის კლება მთლიან მოსახლეობაში თავისთავად განაპირობებს წილობრივად მაღალი ასაკის მოქალაქეების რაოდენობის ზრდას.
„ძალიან ბევრი ადამიანია ემიგრაციაში წასული, ამ ადამიანების ასაკი დაახლოებით, 20-50 წლამდე მერყეობს. ამიტომ, თუ ასაკობრივ სტრუქტურაში ამ ადამიანების რაოდენობა დაიკლებს, პროპორციულად, ქვეყანაში მაღალი ასაკის ადამიანების რაოდენობა გაიზრდება. საპენსიო ასაკის ადამიანების რაოდენობის ზრდა ძალიან დიდ დატვირთვას განაპირობებს სახელმწიფოს საფინანსო სისტემაზე, რადგან პენსიები მეტი იქნება გასაცემი, ჯანდაცვაზე ასევე დიდი დატვირთვა იქნება, რადგან ასაკობრივ ადამიანს მეტი შეღავათები სჭირდება“, - ამბობს გიორგი მელაძე.
საქსტატის ბოლო, 2023 წლის მონაცემების მიხედვით, ემიგრაციაში წავიდა 14 წლამდე ასაკის 86 511 ბავშვი, 15-64 წლამდე ასაკის 152 383 მოქალაქე და 65+ ასაკის 6170 პირი.