ადიგენის საკრებულოს, სასამართლო დავის დასრულებამდე აპარატის უფროსის მუდმივად დანიშვნა აეკრძალა
ადიგენის საკრებულოს, სასამართლო დავის დასრულებამდე აპარატის უფროსის მუდმივად დანიშვნა აეკრძალა - ამის შესახებ ზეპირი მოსმენით გადაწყვეტილება, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ანაიდ ოგანესიანმა მიიღო.
სასამართლოს, სარჩელის უზრუნველყოფისათვის განცხადებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" ახალციხის ოფისის იურისტმა ჯუნა სტეფნაძემ ადმინისტრაციული სარჩელთან ერთად მიმართა. იგი სასამართლოში, ადიგენის საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსის მიხეილ ბუცხრიკიძის ინტერესებს იცავს.
"ჩვენ სასამართლოს ვთხოვეთ, დროებითი განჩინების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება, რომლითაც აუკრძალავდა ადიგენის საკრებულოს, სასამართლო დავის დასრულებამდე, მიხეილ ბუცხრიკიძის ნაცვლად, სხვა პირის მუდმივად დანიშვნას. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ერთ-ერთ მოთხოვნა, სამსახურში იმავე პოზიციაზე აღდგენაა, თუ საკრებულო სხვა პირს დანიშნავდა მუდმივად, მიხეილ ბუცხრიკიძის დაბრუნება შეუძლებელი იქნებოდა. ეს განცხადება სასამართლომ დააკმაყოფილა"- ამბობს ჯუნა სტეფნაძე.
ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსმა მიხეილ ბუცხრიკიძემ, ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით 21 იანვარს მიმართა. იგი ადიგენის საკრებულოს სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას სთხოვს.
ადმინისტრაციულ სარჩელზე, ახალციხის რაიონულ სასამართლოში სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 26 დეკემბერს ადიგენის საკრებულოს აპარატის ყოფილმა უფროსმა მიხეილ ბუცხრიკიძემ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ემიჯნებოდა მთავრობის გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე, გმობდა ძალადობას და ასევე, გააპროტესტა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესული ცვლილებები. ბუცხრიკიძის ამ პოსტს კი მეორე დღესვე, ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარემ, მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებით უპასუხა.