მოსახლეობა შემცირდება - რა წერია ეკონომიკური რეფორმების დოკუმენტში
საქართველოს მოსახლეობა მომდევნო წლებში კიდევ შემცირდება. აღნიშნული პროგნოზი მთავრობის 2025-2027 წლების ეკონომიკური რეფორმების დოკუმენტშია აღნიშნული.
უფრო კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებული დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა იქნება 3 693 600 კაცი, 2026 წელს - 3 691 700 კაცი, ხოლო 2027 წელს უკვე 3 688 900 კაცამდე შემცირდება რიცხოვნობა. რაც შეეხება გასულ 2024 წელს, დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა წინა წელს 3 694 600 კაცი იყო.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2026 და 2027 წლებში საქართველოს მოსახლეობა 0.1%-0.1%-ით შემცირდება.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქართველომ დაგეგმილ ვადაში, უკვე მეორედ ევროკომისიას წარუდგინა „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა - 2025-2027“. უწყების ცნობითვე, აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მომზადების პროცესს პირველად 2023 წლის ბოლოს შეუერთდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.