რელიგია
დაპირისპირება ტაძრის რესტავრაციის გამო
სოფელ კუმურდოში ახლა სიმშვიდეა. ეკლესიის ეზოში შესვლა ყველას ეკრძალება. ტერიტორიას სამართალდამცველები აკონტროლებენ. სპეციალისტები კი ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში, პოლიციელებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება 30 სექტემბერს, დილიდან დაიწყო. მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ ეკლესიის ეზოში, სადაც მათი წინაპრების ძვლებია დამარხული, ქვის სტელა დაედგათ. ამის უფლება კი სამართალდამცველებმა არ მისცეს.

სიტუაციის დაძაბვის გამო, სოფელში სპეცრაზმი ავიდა და შეკრებილი მოსახლეობის დაშლა დაიწყო, რასაც ადგილობრივების გაღიზიანება მოჰყვა. მოსახლეობამ სამართალდამცველებსა და მათ ავტომანქანებს, ქვები ესროლა.

დაპირისპირების დროს მოსახლეობა და ოთხი სამართალდამცველი დაშავდა. ორი ადგილობრივი კი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. კუმურდოში ჩავიდა შს მინისტრი. გიორგი მღებრიშვილი რამდენიმე ადგილობრივს, დახურულ კარს მიღმა შეხვდა.

კუმურდოში განვითარებული მოვლენები პროვოკაციად შეაფასა ნიკოლოზ ანთიძემ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და პროექტის მიხედვით, 2020 წელს დასრულდება.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე, არქეოლოგიური სამუშაოები 2015–16 წლებში მიმდინარეობდა. 2016 წელს, არქეოლოგიის პარალელურად, რესტავრაციის პროცესი დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვიდეორგოლს ავრცელებს, როგორ სახეს მიიღებს X საუკუნის ტაძარი კუმურდოში.

კუმურდოში მოსახლეობა უკმაყოფილებას პირველად არ გამოთქვამს. ერთი წლის წინ, არქეოლოგიური სამუშაოების დროს, ტაძრის ეზოში სამარხები და ძვლები აღმოაჩინეს. ადგილობრივებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ მათი წინაპრების საფლავები გადაითხარა.

სომეხმა და ქართველმა სასულიერო პირებმა, მოსახლეობასთან ერთად მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ძვლები ეკლესიის ეზოში დაემარხათ. ერთი წლის შემდეგ, ადგილობრივებმა სამარხზე ქვის სტელის აღმართვა გადაწყვიტეს, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა. ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, რომ ქვაჯვარის დადგმით, რესტავრაციის პროცესს ხელი შეეშლებოდა და ამისთვის ნეიტრალური ტერიტორია შესთავაზა.


| Print |