ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლომ 5 ათასი ლარით დააჯარიმა
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 5000 ლარი დააკისრა, 3 იანვარს გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის.
მას ედავებოდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილის დარღვევას. ეს მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სახდელს 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
სასამართლო სხდომაზე ჟორჟოლიანმა მანუჩარ ცაცუას აცილება მოითხოვა იმ შემთხვევაში, თუ ის 12 იანვარს მოსამართლეების კორპორაციულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა რესტორან "ბაბილოში".
მან ეს ინტერესთა კონფლიქტით ახსნა: "თქვენ იმყოფებოდით "ბაბილოში?" შეიძლება ჩემ მიმართ გქონდეთ პირადი წყენა, რადგან აქციის მონაწილე ვიყავი. ასე რომ, თუ "ბაბილოში" იყავით, მოვითხოვ თქვენს აცილებას".
მოსამართლემ ამაზე კომენტარი არ გააკეთა და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სხდომაზე ჟორჟოლიანის ადვოკატმა თქვა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანისთვის არავის მიუთითებია, რომ კანონს არღვევდა ან აქციის მონაწილეთა რაოდენობა არასაკმარისი იყო გზის გადაკეტვისთვის.