სიახლეები
ახალციხიდან ჩასული ელექტრიკოსები გურიასა და აჭარაში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
გურიაში და აჭარაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან: სამცხე-ჯავახეთიდან, კახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან ჩასული „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დამატებითი ჯგუფები, რამდენიმე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, გზებზე დიდთოვლობის გამო, სპეციალურ ტექნიკას გადაადგილება უჭირს და უმეტეს შემთხვევაში, ელექტრიკოსებს ფეხით უწევთ დაზიანების ადგილებამდე მისვლა, თუმცა, ისინი ცდილობენ, შეძლებისდაგვარად დროულად მოახდინონ სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება.
„ამ დროის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება გურიის სოფლების ნაწილს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს. ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება რაიონულ ცენტრებს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს.
თითქმის მთელი საქართველოდან გურიაში და აჭარაში ჩასული ელექტრიკოსები ამ წუთებშიც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და განაგრძობენ იქამდე, სანამ ენერგომომარაგების აღდგენა სრულად არ მოხდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გურიაში მყოფი ენერგო-პრო ჯორჯიას ბრიგადები სტიქიის ზონაში არსებულ რთულ ვითარებაზე ამახვილებენ ყურადღებას. მივლინებაში მყოფი ჯგუფები მეხუთე დღეა ოზურგეთში იმყოფებიან და ცდილობენ, რომ ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ სოფლებს დენის მიწოდება აღუდგინონ.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ელექტრიკოსები გურიასა და აჭარაში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
Տարածեք :