რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარე სამი სალოცავი მუსლიმთა სამმართველოს სარგებლობის უფლებით გადასცა. კეხოვანში, ღორძესა და ნამინაურში არსებული სამივე მეჩეთი მოქმედია.
სამცხე–ჯავახეთში მდებარე სალოცავის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ პირველად იმსჯელა. სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ამას წინ იურიდიული საკითხების შესწავლა უძღვის, რის შემდეგაც მეჩეთების გადაცემის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება.
სამივე სოფელში არსებულ მეჩეთებს ელექტრო–ენერგიის შეყვანასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. იქიდან გამომდინარე, რომ სალოცავი სახელმწიფო ან კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ფართზე იყო განლაგებული, კომპანია დენის შეყვანას ვერ ახერხებდა. სამცხე–ჯავახეთის მუფთის თქმით, რეგიონში 13–მდე მოქმედი სალოცავია, სადაც მრევლი ანალოგიურ პრობლემას აწყდება. მამუკა ვაშაყმაძე იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგების შემდეგ, ყველა მათგანის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემას მოითხოვს.
მეჩეთების გადაცემის საკითხი სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა და სამართლიანი გადაწყვეტილებაც გამოიტანა – მიაჩნია ისტორიკოს უჩა ბლუაშვილს. პროფესორი სხვა ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ მუსლიმებმა საკუთარი მოთხოვნები ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით უნდა წამოაყენონ, მეორე მხრივ კი ქრისტიანულმა მოსახლეობამ პრეტენზიების გამოთქმა სამართლებრივი გზით უნდა ისწავლოს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით,მუსლიმთა სამმართველოს, სარგებლობის უფლებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, 150–მდე სალოცავი გადაეცა. მათ შორისაა 2010 წელს აშენებული სამი მეჩეთი ადიგენის მუნიციპალიტეტში. სამცხე–ჯავახეთის ტერიტორიაზე ამ დროისათვის 50–მდე მუსლიმური სალოცავი ირიცხება, ლოცვის ჩასატარებლად მრევლი მხოლოდ 13 მათგანში იკრიბება. დრემდე ღია ცისქვეშ ლოცულობენ სოფელ მოხეში, სადაც მუსლიმები სადავო შენობის მათთვის გადაცემას მოითხოვენ.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ირმა ჭარაქაშვილი, რამაზ ალავიძე, ლევან ყურაშვილი