სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი თამარ თამარაძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. მხატვარ–დიზაინერის ნამუშევრები სასწავლებლის პირველი კორპუსის ფოიეშია წარდგენილი.
გამოფენა უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა. მერაბ ბერიძის თქმით, სასწავლებელი მსგავს კულტურულ ღონისძიებებს ხელს სიამოვნებით უწყობს, თუმცა, სამწუხაროა რომ ქალაქში არ არსებობს საგამოფენო დარბაზი, სადაც ხელოვანი საკუთარ ნამუშევრებს საზოგადოებას გააცნობს.
სასწავლებლის კურსდამთავრებული წარმოდგენილ ნამუშევრებზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. მის ნახატებში ჭარბობს რელიგიური თემატიკა. მხატვარ-დიზაინერი ამბობს, რომ ხელოვნებით ბავშვობის ასაკიდან დაინტერესდა.
უნივერსიტეტში გამოფენილი 30-მდე ნამუშევარი გრაფიკაში, ვიტრაჟში და ტილოზეა შესრულებული. წარმოდგენილია რამდენიმე ავტოპორტრეტი. გამოფენილი ნამუშევრების დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
თამარ თამარაძემ ნახატები უნივერსიტეტში მეორედ გამოფინა. სასწავლებელი ახალციხელი მხატვარ-დიზაინერის ნამუშევრებს კიდევ ორი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.