მართლმადიდებელი ეკლესია 7 დეკემბერს წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ტარდება.
დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონტის ასული იყო. წმინდა ეკატერინე თავისი განათლებით, სიბრძნითა და გონიერებით გამოირჩეოდა. ქრისტეს შესახებ მას დედის მოძღვარმა უქადაგა, რის შემდეგადაც იგი მოინათლა. სიზმრისეულ ხილვაში უფალმა მას ოქროს ბეჭედი უბოძა, რომელიც გამოღვიძების შემდეგ ხელზე ეკეთა.
ალექსანდრიაში გამართულ წარმართულ დღესასწაულზე, რომელსაც იმპერატორი მაქსიმინი ესწრებოდა, წმინდა ეკატერინემ უარი განაცხადა, კერპებისთვის თაყვანი ეცა და მსხვერპლი შეეწირა. ამის გამო, იმპერატორის ბრძანებით წმინდანს 305-313 წლებში თავი მოჰკვეთეს.
მანამდე ეკატერინემ ქრისტიანობაზე 50 ბრძენი, დედოფალი ავგუსტა, მხედართუფროსი პორფირი და 200 მეომარი მოაქცია, რომლებმაც იმპერატორისგან სატანჯველი დაიმსახურეს.
ნეტარ ეკატერინეს წმიდა ნაწილებს, VI საუკუნეში, ზეციური გამოცხადებით სინას მთაზე მიაკვლიეს. წმინდანის თავი და მარცხენა ხელის მტევანი სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერშია დაბრძანებული.