,,საშინელი უპატრონობაა, ჩვენამდე არაფერი აღწევს" - აბულის მოსახლეობა
23.07.2020
აბული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალმთიანი და ცივი წერტილია, რის გამოც მას საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილს უწოდებენ. სოფელი მთა პატარა აბულის ძირას, ზღვის დონიდან 1 960 მეტრზე მდებარეობს. ის ქალაქიდან 12 კილომეტრით არის დაშორებული. ადგილობრივები ძირითადად, ორ მთავარ პრობლემაზე - ბუნებრივი აირის უქონლობასა და უგზოობაზე ჩივიან.
32 წლის მურაზ ნაზარეთიანი აბულში დაიბადა და გაიზარდა. სოფელი ძალიან უყვარს, მაგრამ წუხს, რომ ბევრი შრომის მიუხედავად, მოსახლეობას რთულ პირობებში უწევს ცხოვრება. შემოსავლის ძიებასთან ერთად, აბულში გასათბობი საშუალების მოპოვებაც რთულია. სოფელი, სადაც მინიმუმ, ექვსი თვე ზამთარია, გაზიფიცირებული არ არის, რის გამოც ადგილობრივები ტრადიციული მეთოდებით თბებიან.
„ჩვენი დიდი პრობლემა ბუნებრივი აირის უქონლობაა. მაღალმთიანი სოფელია და ცივი ზამთარი იცის. დიდთოვლობის გამო გზა იკეტება და 6-7 თვის განმავლობაში გარესამყაროს მოწყვეტილები ვართ. ყინვა საშუალოდ, მინუს 20-25 გრადუსზე ეცემა და ამ დროს წივით ან ქვანახშირით გვიწევს გათბობა, გააჩნია ვის რა შესაძლებლობა აქვს“, - გვეუბნება სოფელ აბულის მაცხოვრებელი მურაზ ნაზარეთიანი.
სომხური თემით დასახლებულ აბულში 124 ოჯახი ცხოვრობს. მკაცრი კლიმატის გამო, მოსახლეობა ტრადიციულ მეთოდებს ვერ ივიწყებს. ზამთარში რომ თბილად იყვნენ, ამისთვის ზაფხულში წივა უნდა გამოაშრონ. მაღალი ფასის გამო შეშის ყიდვა უჭირთ. ჯავახეთში ერთი კუბური მეტრი საშეშე მერქნის ღირებულება 450 ლარია, სეზონზე კი ოჯახისთვის საშუალოდ 10 კუბური მეტრია საჭირო. ადგილობრივებმა პრობლემის შესახებ ახალქალაქის მერიას განცხადებით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
გათბობასთან ერთად, აბულში უგზობა და უწყლობაც აწუხებთ. ადგილობრივები ხელისუფლებისგან გზის მოასფალტებასა და წყლის ხარისხიანი მილებით მიწოდებას ითხოვენ.
„გზა არ გვაქვს, გაზი არ გვაქვს, აქ მოსვლა ყველას ეზარება. წლებია ვითხოვთ გზის მოასფალტებას, მაგრამ ვინ არის პატრონი? ხომ შეიძლება, როგორც კარტიკამის გზა შეაკეთეს ისე შეაკეთონ ჩვენიც? ქალაქისგან შორს ვართ და ამიტომ ყურადღებას არავინ გვაქცევს“ - ამბობს სამველ ნაზარეთიანი. ,,საშინელი უპატრონობაა, ამდენი დახმარება მოდის და ჩვენამდე არაფერი აღწევს. ეს ,,მაყუთი“ სად, ვის ჯიბეში მიდის, არავინ იცის. ოთხი წელია წყალი გამოჰყავთ და პატრონი არ გვყავს. წყალსაც კი უბრალო ,,შლანგით“ აკეთებენ და ყინვაში მაშინვე სკდება“, - ჩივის ვარდან ბდოიანი. ,,ჩვენი სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები არ არის“ - ასე პასუხობს აბულის მოსახლეობას ახალქალაქის მერი. იურიკ უნანიანი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში 64 სოფლიდან 44 გაზიფიცირებულია. როდის მოხდება დანარჩენი ოცი სოფლის გაზიფიცირება, ამის შესახებ ზუსტი პასუხი არ აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ ახალქალაქის სოფლების პრობლემების შესახებ ცენტრალურ მთავრობას უკვე აცნობა. ეკონომიკური განვითარების გეგმის მიხედვით კი სოფლების გაზიფიცირება და გზების მოასფალტება 2022 წელს უნდა დასრულდეს.
„ბუნებრივი აირის პრობლემის მოგვარება არც ჩემი და არც ცენტრალური მთავრობის პრეროგატივა არ არის. გაზკომპანია კერძოა და თავად იღებს გადაწყვეტილებას, რომელი სოფლის გაზიფიცირება როდის მოხდება“ - გვითხრა ახალქალაქის მერმა იური უნანიანმა.
რაც შეეხება დაზიანებულ გზებს, იურიკ უნანიანის თქმით, მუნიციპალიტეტის სოფლების გზების დაახლოებით 60% შეკეთებას საჭიროებს. ასეთი სოფლები კი ძირითადად, ახალქალაქიდან მოშორებით მდებარეობს.
„ყველაზე მთავარი ფინანსებია. ჩვენი სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები არ არის. მთავრობა როგორც დაგვიფინანსებს, ჩვენც იმდენს გავაკეთებთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს გზის პრობლემა იქნება, წყლის თუ სხვა“, - ამბობს ახალქალაქის მერი იური უნანიანი.
ერზრუმის სოფელ უმუდუმში, ოსმალთა შემოსევებით შეწუხებული სომხური თემი, 1828 წელს აბულში გადმოსახლდა. ადგილობრივების თქმით, მანამდე სოფელში 12 -მდე ერს, მათ შორის ასურელებსაც უცხოვრიათ. ამის დასტურად, დღემდეა შემორჩენილი ბაზილიკური ტაძარი, რომლის ეზოც სავსეა ასურელთა საფლავის ქვებით.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.