„ეს წელი ჩაგვივარდა, მარტო კარტოფილით როგორ ვირჩინოთ თავი“ - დილისკის მოსახლეობა
09.11.2020
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი დილისკა, რომელიც ქალაქიდან ოთხი კილომეტრითაა დაშორებული, ზღვის დონიდან 1 700 მ სიმაღლეზე მდებარეობს. თუ დილისკის მოსახლეობას სოფელის უმთავრესი პრობლემების ჩამოთვლას ვთხოვთ, ისინი პირველ რიგში სასმელი წყლის არ არსებობას, ენის ბარიერს, სასოფლო-სამეურნეო მიწების გაფორმების საკითხს, მოქალაქეობის არ ქონასა და პროდუქტების სიძვირეს ასახელებენ.
სოფელ დილისკაში ადგილობრივებისთვის ყველაზე მწვავედ სასმელი წყლის პრობლემა დგას. მათი თქმით, სოფლის ერთ უბანში წყალი მოდის, მეორე უბანს კი საერთოდ არ მიეწოდება. დილისკის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მთავრობა ამ პრობლემის მოგვარებას ყოველწლიურად პირდება. დაპირების მიუხედავად სასმელი წყალი სოფლის ნაწილს დღემდე არ აქვს.
„სასმელ წყალზე, ყოველ წელს გვაქვს პრობლემა. გვპირდებიან, მაგრამ ზედა უბანში სასმელი წყალი დღემდე ისევ არ არის“ - ამბობს სოფლ დილისკის მკვიდრი სუსან გოგორიანი.
წყლის გარდა სოფელში პრობლემაა ამორტიზებული სასწავლო დაწესებულების შენობაც. ადგილობრივების თქმით, სკოლა რამდენიმე წელია დანგრეეულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. თუმცა დღემდე მისი მშენებლობა ვერ მოხერხდა.
„ყოველწლიურად მოდიან, გვეუბნებიან რომ რეაბილიტაციას ჩაატარებენ, თუმცა ჯერ არც კი დაწყებულა. მეორე კლასის მოსწავლეები სკოლაში პირობების არარსებობის გამო, კლუბის შენობაში გადავიდნენ, მაგრამ როდემდე გაგრძელდება ასე? ნორმალური სკოლა არ უნდა გვქონდეს?“ - ამბობს ადგილობრივი გევორგ ნაჰატაკიანი.
მორიგი პრობლემა, რომელიც დილისკის მოსახლეობას აწუხებს, სასოფლო-სამეურნეო მიწების გადაფორმების საკითხია. მათი თქმით, რთული პროცედურების გამო, უმეტესწილად მიწებს ვერ იფორმებენ.
„თვეები გადის, მაგრამ დოკუმენტს არ მიკეთებენ, ხან არქივში მიშვებენ, ხან რაღაც დამატებითი დოკუმენტია საჭირო,“ - ამბობს რობერტ ბალასანიანი.
საზღვრების ჩაკეტვის გამო, ჯავახეთის სხვა სოფლების მსგავსად, შემოსავლის გარეშე დარჩნენ სოფელ დილისკის მაცხოვრებლებიც. ადგილობრივების ინფორმაციით, 730-მდე ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყარო, რუსეთში, სეზონურ სამუშაოებზე გამოუმუშავებული თანხა წარმოადგენდა.
„წელს დავრჩით შემოსავლის გარეშე. ეს წელი ჩაგვივარდა. მარტო კარტოფილით თავი როგორ უნდა ვირჩინოთ?“ - ამბობს შურიკ კოგორიანი.
დილისკის მაცხოვრებლების თქმით, პრობლემაა ენის ბარიერიც, განსაკუთრებით 40 წელს გადაცილებულ პირებისთვის. ქართული ენის არცოდნის გამო, ზოგიერთმა ადგილობრივმა მოქალაქეობა დაკარგა, გარდა ამისა, უჭირთ ქართველებთან კომუნიკაციაც.
„შექმნილია სპეციალური პროგრამები და სკოლები, რომლებიც ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ფუნქციონირებს, თუმცა, ჩვენ არ გვაქვს მაგის ფუფუნება და დრო, რომ ქართული ენის გაკვეთილებზე ვიაროთ. თან რომც ვიარო, მაინც ვერ ვისწავლი ასაკის გამო“ - ამბობს სუსან გოგორიანი.
სოფელ დილისკის პრობლემებთან დაკავშირებით, „მეცხრე არხი“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, დაუკავშირდა. შალვა ბალახაძე სასმელი წყლის თაობაზე აცხადებს, რომ ამ პრობლემის მოგვარება მომავალი წლისთვის იგეგმება.
„ჰესის მშენებლებმა ცალკეული თანხა გამოყეს და სასმელი წყლისთვის პროექტი შეადგინეს. თუ არაფერმა შეუშალა ხელი, მეორე წლისთვის დაიწყება სამუშაოები“- ამბობს შალვა ბალახაძე.
რაც შეეხება სკოლას, მერის მოადგილის ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა თანხა გამოყო და მისი რეაბილიტაცია რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. „არ ვიცი ზუსტად რამდენი თანხა გამოიყო, თუმცა სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროექტი ერთ წელიწადში დასრულდება“ - ამბობს შალვა ბალახაძე.
დილისკის მოსახლეობის კიდევ ერთი პრობლემის მიწების გადაფორმების საკითხთან დაკავშირებით, მერის მოადგილე აცხადებს რომ პრობლემა მთელ საქართველოშია.
„ამას ჩვენი ეკონომისტები აკეთებენ, მე არ ვიცი. არა მგონია რომ რაიმე პრობლემა იყოს, თუკი მოსახლეობა ყველა საჭირო დოკუნეტს წარადგენს“ - აცხადებს შალვა ბალახაძე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში 2 374 ადამიანი ცხოვრობს. გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.