,,აქამდე მარაგდებოდა პოლიცია, ჯარი, ექიმები, ახლა უკვე შევიდა აფთიაქებში" - ქართული წარმოების პირბადეების დეფიციტი
ჯანდაცვის სამინისტრო 500 000 პირბადის ნაცვლად, 100 000-ს ყიდულობს.
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 10 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ერთი პირბადის ღირებულება 1.08 ლარია. პირბადეები სააფთიაქო ქსელებში რეალიზაციისთვის 9 აპრილს შევიდა და მათი ღირებულება 50 თეთრია. ეკონომიკის მინისტრის თქმით, სახელმწიფო პირბადის ღირებულების ნაწილს დაასუბსიდირებს.
BM.GE -ს იმისათვის, რომ გაერკვია რა უჯდება საშუალოდ სამკერვალოს ერთი პირბადის ღირებულება და როგორია სახელმწიფოსთან შეთანხმების დეტალები. ამისთვის პირბადეების მწარმოებელი ერთ-ერთი საწაროს MGMTex-ის დირექტორს დაუკავშირდა.
ელიზბარ ლომინაძის თქმით, სახელმწფიოსთან შეთანხმების საფუძველზე კომპანიამ თავისი საქმიანობა შეაჩერა და მთლიან რესურსს დღეისთვის საჭირო პროდუქტის - პირბადეების წარმოებას ახმარს.
,,სახელმწიფო გვაწვდის მასალას, რომელიც საჭიროა ამ პირბადისთვის - ეს იქნება დოლბანდი, რეზინა თუ ძაფი, შესაფუთი ყუთი, სტიკერები და ა.შ. ჩვენი დავალება მხოლოდ და მხოლოდ ამის შეკერვაა. გამომდინარე იქინდან, რომ საქართველოში არსებული სამკერვალოები ყველა იყო აწყობილი ტანსაცმლის წარმოებაზე, ამაზე გადართვა იყო საკმაოდ რთული.
პირბადის წარმოებისთვის არსებობს სპეციალური დანადგარები, რომელსაც საერთოდ არ სჭირდება ადამიანის ჩართულობა, თუმცა ჩვენ გვიწევს ამით ხელით კერვა, რაც ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე იმ ჩვეულებრივი დანადგარის შემთხვევაში. მაგალითისთვის, დანადგარი 1 საათში 10 000 ცალ პირბადეს აწარმოებს და ჩვენ 250 კაცით, 8 საათის განმავლობაში 25 000 ცალამდე ავდივართ, რაც ხარჯის თვალსაზრისით, ბევრად ხარჯიანი და არაეფექტურია ამ შემთხვევაში და მაგიტომ ჯდება ბევრად ძვირი", - განაცხადა ელიზბარ ლომინაძემ.
MGMTex-ის დირექტორი ამბობს, რომ პირბადის ღირებულებას ზრდის ის ფაქტი, რომ ისინი ხელით არის შეკერილი, თუმცა მისივე აღნიშვნით, ამით ისინი ინარჩუნებენ თავის თანამშრომლებს, ვინაიდან სახელმწიფოს მათ 1 პირბადეში 50 თეთრს უხდის, რაც მათ ხარჯებს ანაზღაურებს.
,,კონკრეტულად სად მიდის ერთი პირბადის ღირებულება, არ ვიცი, იმიტომ რომ ეკონომიკის სამინისტო დოლბანდსაც კერძო კომპანიებიდან ყიდულობს, ჩვენ გვირიცხავს ამ ფულს, რომ ჩვენი ხარჯი დავფაროთ და არ მოგვიწიოს ჩვენი თანამშრომელბის სახლში გაშვება.
სახელმწიფო 1 პირბადეში გვიხდის 50 თეთრს და ამას ემატება ის ხარჯები, რაც საჭიროა დამატებით პირბადის საწარმოებლად, 1 ლარზე მეტი ჯდება თითოეული პირბადე. ეს არ არის ჩვეულებრივი წარმოება, პირბადეები იკერება ხელით და ამიტომ ჯდება ბევრად ძვირი. საჭირო მასალებს ეკონომიკის სამინისტრო თავად ყიდულობს და ამაში ჩვენ არ ვართ ჩართულები", - ამბობს კომპანიის დირექტორი.
მისივე თქმით, პირბადეების უსაფრთხოება ლუგარის ლაბორატორიის მიერ არის დადასტურებული და ისინი საზოგადოებაში მოთხოვნად პროდუქტს წარმოადგენს, ამიტომ რამდენის შეკერვა მოუხდებათ, კიდევ ზუსტად არ იციან.
,,მოთხოვნა დიდია. აქამდე მარაგდებოდა პოლიცია, ჯარი, ექიმები, ახლა უკვე შევიდა აფთიაქებში და ჩვენი დღიური წარმადობა ნელ-ნელა ეწევა ამ მოთხოვნას. კონკრეტული რაოდენობა არ გვაქვს, რაც შეიძლება მეტი უნდა ვაწარმოოთ და ყველას შეისყიდის ეკონომიკის სამინისტრო.
ბევრნაირი მასალა გამოვიყენეთ, თუმცა ყველაზე მისაღები იყო ეს დოლბანდის 12 შრე, რომლის უსაფრთხოება ლუგარის ლაბორატორიამ დაადასტურა", - განმარტა ელიზბარ ლომინაძემ.