COVID19
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინას ელოდებიან
22 მარტს საქართველოში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინებს ელოდებიან. ეს უკვე მეორე ვაქცინაა, რომელიც ქვეყანაში შემოვა. უკვე მიმდინარეობს აცრის პროცესი AstraZeneca-ს ვაქცინით.

რა ვიცით Pfizer-BioNTech-ის მიერ წარმოებული COVID-ვაქცინის შესახებ:

ვაქცინა ორი დოზით კეთდება.

ეს არის რიბონუკლეინის მჟავაზე (რნმ) დაფუძნებული ფორმულა. ის შეიცავს როგორც ქიმიურ, ასევე ბუნებაში არსებულ ნივთიერებებს, მაგალითად ცილებს.

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა არ შეიცავს თავად ვირუსს, რომლისგანაც ის იცავს ადამიანს.

მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე წერია, რომ ვაქცინით მასობრივი იმუნიზაციის პროცესში ალერგიული რეაქციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს. აშშ-ში ამ ვაქცინით ანაფილაქსიური შოკის მაჩვენებელი ამ დროისთვის არის 2,5 შემთხვევა 1 მილიონ აცრილზე.

ისრაელის მიერ შეგროვებული და დამუშავებული მონაცემების მიხედვით Pfizer-BioNTech-ის ვაქცინამ 94%-ით შეამცირა კორონავირუსის სიმპტომური შემთხვევების რაოდენობა ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

Pfizer-ის შემდეგ საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინების მეორე პარტიას ელოდებიან. ამჟამად საქართველოში აცრა უტარდებათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 21 მარტის მონაცემებით, ჯანდაცვის სექტორის 3 818 თანამშრომელი აიცრა.
| Print |
თეგები: pfizer / ვაქცინაცია /