დღეში 20 000 ტურისტს ვკარგავთ - ინტერვიუ შალვა ალავერდაშვილთან
მასპინძელი ბიზნესი საქართველოს ხელისუფლებისგან მხოლოდ ერთ კითხვაზე პასუხს ითხოვს - როდის შეძლებენ უცხოელი ტურისტების მასპინძლობას. სასტუმროების მეპატრონეები ჩივიან, რომ მათი უმეტესობა მუშაობას ვეღარ განაახლებს. რატომ იყო არაეფექტური სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული შეღავათები ბიზნესისთვის - თემაზე სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელ შალვა ალავარდაშვილს ვესაუბრეთ.
- ბატონო შალვა, რა ხდება მასპინძელ ბიზნესში? რა მოლოდინი გაქვთ? როდის შეიძლება პერსპექტივაში ბიზნესმა დაიწყოს დაგეგმვა, გაზაფხული მოდის და შესაძლოა, შიდა ტურიზმი გაიხსნას, ეს არის დრო, როცა მცირე ბიზნესს შეუძლია თავის გადარჩენაზე იფიქროს.
- გული მტკივა რა მდგომარეობაში ჩავარდა საქართველოს მოსახლეობა. ეს ადამიანების ის ნაწილია, რომლებიც იყვნენ ყველაზე აქტიურები. ჩვენ - სტუმარ-მასპინძლობის სექტორი მუდმივად ვეძებდით, ვმასპინძლობდით, მიგვყვავდა, მოგყვავდა, ვურეკავდით, ვწერდით. ერთი თვე დავისვენებ, ამას ვერ იტყვი. 365-დღიანი და 24-საათიანი მუდმივი პროცესი, რომელიც არ ჩერდება. ცხრა სასტუმროს ვმართავდი, ექვსს ვაშენებდი, ცხოვრების სხვა რუტინა მქონდა, სხვა ტემპი იყო.
აი, მაგალითად, დღეს საქართველომ 20 000 ტურისტი დაკარგა. ნიშნავს, რომ დღევანდელი ტურისტი კი არ დაკარგა, არამედ 20 000 ტურისტი პერსპექტივაში დაკარგა. დღეს მოლაპარაკებებს რომ ვაწარმოებ, მწერენ ჩემი პარტნიორები, როდის ჩამოვიყვანო ხალხი საქართველოში, პასუხს ვერ ვაძლევ. გუშინაც ვერ გავეცი პასუხი, გუშინწინაც. ხალხს მოთხოვნა აქვს, ისრაელმა დაასრულა ვაქცინაცია და მათ დასასვენებლად წასვლა უნდათ. ფიანდაზად ეფინება ტურისტებს რუმინეთი, ბულგარეთი, ჩერნოგორია, თურქეთი, ტურისტები ადგნენ და წავიდნენ იქით.
- უცხო ქვეყნის ადამიანები ყველაფერს გეგმავენ წინასწარ. მე ოქტომბერში და ნოემბერში მომავალი წლის ჯავშნები გაკეთებული მქონდა. გავიგეთ, რომ ოქტომბერ-ნოემბერში არ შეგვეძლო გვეთქვა, მაგრამ ახლა ხომ მაინც შეგვიძლია ადამიანებს ვუთხრათ, რომ საქართველოში ჩამოსვლა ამა და ამ დროს შეგიძლიათ, მაგრამ ვერ ვეუბნებით.
- ერთხელ, ივლისში ხომ უკვე მოვატყუეთ ეს ადამიანები. როცა გვეუბნებოდნენ 1-ლი ივლისიდან იხსნება ფრენებიო. ტურისტული პაკეტები გაიყიდა და მე 29 ივნისს ვუთხარი, რომ თქვენ საქართველოში ვერ ჩამოხვალთ. წარმოიდგინეთ, რამხელა შოკი მიიღეს ჩემგან, როგორც პარტნიორისგან, მე ამ ბიზნესში 1999 წლიდან ვარ, მე ეს ხალხი არასოდეს მომიტყუებია. ახლაც რომ ვუთხრა ტურისტებს, აპრილში ჩამოგიყვანთ საქართველოში-მეთქი, ვერ ვეუბნები.
- კორონავირუსის პირველი ტალღის დროს, თითქოს უფრო აქტიური შეხვედრები იმართებოდა მასპინძელ ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის. ახლა რა პასუხი გაქვთ ეკონომიკის სამინისტროდან?
- თითქმის ყოველ დღე ვხვდები და ველაპარაკები, პასუხი ერთია - ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. იმდენად არაფრის მთქმელი პასუხია, როცა გარშემო გადახედავ რა ხდება. ნახეთ თურქეთი რას აკეთებს, გაივსო ტურისტებით. სეზონის გახსნა ევროპაში ნიშნავს ეკონომიკური საქმიანობის დაწყებას. სეზონის დასრულება კი ეკონომიური საქმიანობის დამთავრებას. ობიექტები არასეზონზე გადასახადებს არ იხდიან. თურქეთში პირვლი მაისიდან იწყებოდა სეზონი, მაგრამ კერძო სექტორმა განაცხადა, რომ პირველი აპრილიდან გადასახადების გადახდას დაიწყებენ, რადგან ბევრი ტურისტი ჰყავთ.
- ამ შემთხვევაში შესაძლოა, ეპიდემიოლოგებმა გიპასუხონ, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია ადამიანების ჯანმრთელობა და თუ ერთბაშად გახსნიან საზღვრებს, მივიღებთ ეპიდაფეთქებას.
- 15 იანვრიდან ვიხვეწები, რომ ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, საქართველოში შემოვიყვანოთ. ჩვენ, სასტუმროები მზად ვართ გადავიხადოთ ანტისხეულების ტესტის ფული, საზღვარზე რომ გადმოვლენ. ამაზე მეტი კარგი რა უნდა გვეთქვა? ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ ამის პრეცენდენტი არ არსებობს. ამ დროს, ერთი კვირის წინ ესტონეთმა იგივე მარკეტინგული კამპანია დაიწყო.
- ბატონო შალვა, ერთის მხრივ, ეკონომიკის სამინისტრო ამბობს, რომ ჩვენ შევთავაზეთ გარკვეული სახის მხარდაჭერა მასპინძელ ბიზნესს, კრედიტების გადავადება და ა.შ. მეორე მხრივ, მეწარმეები ჩივიან, რომ ქვეყნის ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა, მაგრამ მათ ვერ ისარგებლეს. რატომ ვერ აღმოჩნდა მთავრობის ეს დახმარება ეფექტური?
- ჩვენი ხმა ვერ გავაგებინეთ. აღქმა არ არის რელურად, თუ რა ხდება კერძო სექტორში. რეალური მდგომარეობა, სტატისტიკა, მოცემულობა რეალურად სხვა არის.
- ამ შემთხვევაში, მასპინძელ ბიზნესს რა სახის მხარდაჭერა სჭირდებოდა, როგორ შეიძლებოდა დახარჯულიყო თანხები?
- მაისსა და ივნისში, ჩვენ საბანკო ასოციაციასთან გვქონდა შეხვედრები, დავითვალეთ საბანკო სექტორთან ერთად, რამდენი სესხი იყო გაცემული სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესზე. ეს იყო 140 მლნ. დოლარი. ქვეყანამ, რომელმაც 3 მილიარდ დოლარზე მეტი ვალი აიღო, 140 მლნ. დოლარი ვერ გამოყო, რომ ეს სესხები ერთი წლით უპირობოდ გადავადებულიყო. ეს ძალიან ბევრ ბიზნესს გადაარჩენდა. სახელმწიფო სესხის 80%-ის სუბსიდირებას აკეთებს, ეს კარგია, მაგრამ ჯერ ერთი, 20% ხომ გადასახდელია, კომუნალურების ფულიც არ ყოფნით. სესხების უპირობო გადავადება უნდა ყოფილიყო, რომ სისტემა არ ჩამოქცეულიყო. ფაქტია, რომ დღეს სექტორი ჩამოქცეულია.
- რა არის გამოსავალი? რისი შეთავაზება შეუძლია ხელისუფლებას მასპინძელი ბიზნესისთვის?
- ჩვენ სამოქმედო გეგმა გვჭირდება. რაც მინიმუმ, იმის განსაზღვრას ნიშნავს, როდის რას ვაკეთებთ. ეს იმისთვის, რომ რომ ჩვენს პარტნიორებს სწორი პასუხი გავცეთ, როდის მივიღებთ ტურისტებს. ამ ეტაპზე ჩვენთვის ეს არის ყველაზე დიდი აუცილებლობა.