ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტებმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია - „მედიის ადვოკატირებისთვის“
„მოვუწოდებთ ყველა საჯარო პირს შეწყვიტოს საზოგადოებაში მტრული განწყობების გაღვივება და მედიის დისკრედიტაცია“, - ასე იწყება კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ბოლო განცხადება, რომელიც 15 საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახელით გავრცელდა. მასში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო სექტორს აქვს მოლოდინი, ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ძალების მხრიდან მედიის მიმართ აგრესიის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე თავდასხმების რაოდენობას. მიმდინარე მოვლენებზე კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ კოორდინატორს ნათია კაპანაძეს ვესაუბრეთ.
როგორ აფასებთ 5-6 ივლისის მოვლენებს?
ჩემთვის დიდი პატივია ვისაუბრო 15 არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით, რომელიც ერთიანდება კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“. ჩვენი კოალიცია წლებია იცავს ჟურნალისტების, ოპერატორების, მედიამენეჯერებისა და ზოგადად, მედია ორგანიზაციების ინტერესებს, თუმცა ბოლო პერიოდში ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ საჯაროდ, რომ ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტებმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. 5 და 6 ივლისის მოვლენები, რომელმაც მედიაზე თავდასხმის გარდა აჩვენა, რომ ეს იყო ერთგვარი შეგროვება იმ აგრესიის, რომელიც მანამდე ფიქსირდებოდა ჩვენს საზოგადოებაში. დღეისთვის გვიწევს მივიღოთ განსხვავებული ზომები იმისთვის, რომ შევაჩეროთ აგრესია. სწორედ ამიტომ გავავრცელეთ კიდევ ერთი განცხადება, სადაც მოვუწოდებთ ყველა საჯარო პირს, შეწყვიტოს საზოგადოებაში მტრული განწყობების გაღვივება და მედიის დისკრედიტაცია. მედიაზე მასშტაბური თავდასხმის შემდეგ, ცხადია საჯარო პირების პასუხისმგებლობა იზრდება. ესენი არიან საერო თუ სასულიერო იერარქები, მათი, როგორც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე გავლენის მომხდენი პირების ქცევას, დამოკიდებულებასა და შეფასებას, ძალიან სწრაფად ირეკლავს. ამიტომაც ეს პასუხისმგებლობა - იყოს მშვიდობიანი გარემო, არის ყველა საჯარო პირის ვალდებულება და არა მხოლოდ პასუხისმგებლობა. ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ შეწყვიტონ მტრული განწყობების გაღვივება და მედიის დისკრედიტაცია.
ვინ რას იცავდა ხუთ ივლისს მედიაზე ძალადობით? აქციაზე მყოფი ადამიანების ნაწილს მართლა სჯეროდა, რომ ამით იცავდნენ ქრისტიანობას, ეროვნებას, ტრადიციებს. როგორ ფიქრობთ, ამ ადამიანების განწყობებით და სულისკვეთებით ისარგებლეს ორგანიზატორებმა?
სწორი აქცენტია, რადგან ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ხელმძღვანელი პირების - ორგანიზატორების პასუხისმგებლობაზე. ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ აქციაში, სხვადასხვა მიზანი ჰქონდათ. გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს, მოგწონდეს ან არ მოგწონდეს რაიმე, მაგრამ არ გულისხმობს თავდასხმას განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანების ჯგუფებზე. სამწუხაროდ, ჟურნალისტები ძალიან ხშირად არიან აგრესიის მსხვერპლები და ეს მხოლოდ ფიზიკურ დაზიანებაზე არ აისახება, ეს მოქმედებს ჩვენი ინფორმირების დონეზეც.
5 ივლისის შემთხვევა აჩვენებს, რომ მოძალადე ჯგუფებისთვის არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი არის განსხვავებული თმის ფერის, რელიგიური არჩევანის, პირადი ცხოვრების თუ პროფესიული არჩევანის გამო, მათი აგრესია შეიძლება მიემართოს ნებისმიერ ჯგუფზე, რომელიც უმრავლესობის აზრით არ აღმოჩნდება მისაღები. ეს არის ძალიან საშიში განმარტება, ძალიან საშიში წახალისება სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან ჩვენ გვაქვს განსხვავებული შეხედულებები, განსხვავებული არჩევანი და სახელმწიფო ვალდებულია ამას პატივი სცეს და დაიცვას განსხვავებები ადამიანებს შორის.
ხუთი ივლისის შემდეგ მოიმატა აგრესიამ არა რომელიმე კონკრეტული მედიის, არამედ ზოგადად, მედიასაშუალებების მიმართ. შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს ჯავრს იყრიან ჟურნალისტებზე. ბოლო ინციდენტებს რომ გადავხედოთ, თითქოს პრესტიჟული გახდა მედიაზე თავდასხმა. რა ბერკეტი აქვს სამოქალაქო სექტორს, რომ მედიამ გააგრძელოს მშვიდად მუშაობა?
მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ სამართლებრივ მხარეზე. ჩვენ ვთქვათ, რომ არ არის მისაღები დემოკრატიული საზოგადოებისთვის აგრესია და თავდასხმა. მეორე მხრივ, ნებისმიერი ძალადობის და გადაცდომის შემთხვევაში უნდა ვეცადოთ, რომ სწორი სამართლებრივი მიმართულება მიეცეს როგორც გამოძიების კუთხით, ისე ფაქტის დაფიქსირების და სათანადო რეაგირების მოთხოვნით. სხვა გზა არ არსებობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა, მონიტორინგი იქნებოდა მედიაგარემოზე ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ჩვენ თუ მოვითხოვთ სწრაფ გამოძიებას, მოვითხოვთ, რომ დაკვირვება მოხდეს, როგორია მედიის მდგომარეობა ჩვენ ქვეყანაში და შესაბამისი შეფასება, ალბათ ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შემაკავებელი ღონისძიებებით მივიღოთ უკეთესი გარემო, ვიდრე დღეს არის.
მედიაზე მასშტაბური თავდასხმის მიზეზად საზოგადოებისა და საჯარო პირების გარკვეული ნაწილი, ინფორმაციის ცალმხრივ გაშუქებას ასახელებს. ამ პროცესში როგორია ხელისუფლების როლი. განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, როცა სახელისუფლებო და სამედიცინო სექტორი ჟურნალისტებისთვის პრაქტიკულად ჩაიკეტა?
ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა ღიაობა და საზოგადოებისთვის სათანადო წესით ინფორმაციის მიწოდება. რაც შეეხება პანდემიის ფაქტორს, ის რომ გადაადგილება შეზღუდული და სოციალური დისტანცია იყო მნიშვნელოვანი, ხელისუფლებამ ერთგვარად გაიგო ისე, რომ მას ჰქონდა გამონაკლისი პერიოდი. შედეგად მივიღეთ ის, რომ საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც უშუალოდ, პროფესიულად ევალება მონიტორინგის ფუნქცია განახორციელოს ხელისუფლებაზე, ვგულისხმობ ხელისუფლების მეოთხე შტოს - მედიას, ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა აღარ მიეცა. ეს თითქოს დამკვიდრდა ერთგვარად, რომ ჟურნალისტებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე აღარ უნდა ემუშავათ. როდესაც ინფორმაციის გამოთხოვა მოხდა, მათ შორის პანდემიის მართვასთან დაკავშირებით, ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი პირი - უშუალოდ ხელისუფლების თუ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, ძალიან გაბრაზდა და ამ სიბრაზეს და აგრესიას კიდევ ძალიან დიდხანს აფიქსირებდა.
რამდენად გამოიყენა ხელისუფლებამ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები იმისთვის, რა მდგომარეობაშიც ახლა მედია აღმოჩნდა?
სამწუხაროდ, ჩვენ დაგვავიწყდა და პანდემიამდეც არ იყო ბოლომდე გააზრებული, რომ მედიასთან ურთიერთობა ნიშნავს, რომ შენ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული ხარ და უარის დროს, შენ ამ ვალდებულების ტვირთს იხსნი. პანდემიის დროს არსებულ ფორმატში, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მთლიანად შეიზღუდა. თუკი მედიას ეუბნებოდნენ, რომ ინფორმაცია არ არის გადამოწმებული, არის ცალმხრივი, ცხადია ეს პროცესები წარმოქმნა სწორედ სახელმწიფოს მუდმივმა უარმა, რომელმაც მუდმივად უნდა უპასუხოს შესაბამისს კითხვებზე და მედიას ჰქონდეს შანსი, გაავრცელოს ინფორმაცია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და საჭირო საკითხებზე. თუმცა ის ფაქტი, რომ მედია ცალმხრივი გაშუქების რეჟიმში დარჩა, კიდევ უფრო კრიტიკულ საკითხად რჩება წინასაარჩევნო პერიოდში.
როგორ ფიქრობ, შეიცვლება თუ არა ხელისუფლების დამოკიდებულება წინასაარჩევნო პერიოდში?
ხელისუფლების დამოკიდებულება მედიასთან განწყობების მიხედვით იცვლება ხოლმე, ჯერ იყვნენ სრული ბოიკოტირების, შემდეგ გადავიდნენ ნახევრად ბოიკოტირების რეჟიმში, მაგრამ ცხადია, რომ საჯარო დებატები, პოლიტიკურ, სოციალურ და უფლება დამცველობით საკითხებზე ჩვენ ეთერებში, მედიაორგანიზაციების მრავალფეროვნების მიუხედავად არ ხდება. დაბალანსებული, ორმხრივი ჩართულობისა და შესაბამისი პირებით გაჯერებული დებატები, სამწუხაროდ არ გვაქვს. წინასაარჩევნო პერიოდში, მედიისთვის ეს მოცემულობა განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან გასულ არჩევნებში, მარეგულირებელმა კომისიამ ყველა იმ მედიაორგანიზაციის მიმართ გამოიყენა სანქცია, რომლებმაც ვერ მოახერხეს ეთერში, პოლიტიკური წინასაარჩევნო ვალდებულებების შესრულება.
დღესაც, თუკი მედიას არ ექნება შესაძლებლობა, პოლიტიკურ დებატებში მოიწვიოს საარჩევნო სუბიექტები და საარჩევნო სუბიექტებს არ ექნებათ გააზრებული, რომ ეს გახლავთ მათი პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში მედია კვლავაც დადგება სანქცირების რისკის ქვეშ. ცხადია, კანონმდებლობა უშვებს გამონაკლისს, როცა მედიამ უნდა თქვას, რომ მიიღო ზომები, არ გამოცხადდა ეთერში ესა თუ ის მხარე, მაგრამ შესაძლებელია სათანადოდ ვერ განაცხადოს, ან ამ ხაზგასმაში იყოს ხარვეზი და მედია კვლავაც ცალმხრივად გაშუქებული ამბების დასანქცირების რისკის ქვეშ იქნება.
ჟურნალისტებს მუშაობის პერიოდში კვლავ არაერთი რისკფაქტორის გათვალისწინება უწევს. ახლა უკვე პანდემიის პარალელურად, ქვეყანა წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში გადავიდა, რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს და ვის ეკისრება პასუხიმგებლობა?
ნებისმიერ პროცესზე რაც ქვეყანაში ხდება პასუხისმგებელია ხელისუფლება, თუ სხვადასხვა სუბიექტს და აქტორს აქვს თავისი პასუხისმგებლობა კონკრეტულ პროცესში, ცხადია მაინც რომ, ხელისუფლების ვალდებულება არის განსაკუთრებული. მითუმეტეს, როცა მედიის წინააღმდეგ აგრესია გაიზარდა. კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მუდმივად მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, რომ გაეკეთებინა განცხადებები მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის სასარგებლოდ. ის არ ყოფილიყო ავტორი სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმების. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, წლიდან წლამდე უფრო აღვივებენ ჟურნალისტების მიმართ აგრესიას. ამიტომ, გამოსავალი ისევ ხელისუფლების ქცევის ცვლილებაშია. პასუხისმგებელმა პირებმა, ესენი იქნებიან უმაღლესი პოლიტიკური, საჯარო თუ სასულიერო ლიდერები, რომლებიც მონაწილეობენ პროცესში, ყველა მათგანს, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, გავლენა მოახდინოს ამა თუ იმ ჯგუფებზე, უნდა გააანალიზონ, რომ მათ ნებისმიერ განცხადებას, ჟურნალისტებისა და მედიის წინააღმდეგ შეიძლება მოყვეს ჟურნალისტების წინააღმდეგ აგრესიის გაღვივება.
რა არის გამოსავალი?
დედაქალაქში, მედიაზე მასშტაბური თავდასხმიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, სადაც იყო 10-ზე მეტი მედიასაშუალებების თანამშრომელთა უფლებების დარღვევა, ჟურნალისტებისა და ოპერატორების დაზიანება, რომელიც დღემდე არ არის გამოძიებული სათანადოდ და არ არიან გამოვლენილი და დასჯილი ორგანიზატორი პირები, მიანიშნებს იმას, რომ ხელისუფლება ბოლომდე ვერ აღიქვამს საფრთხეს, ჟურნალისტებისა და ოპერატორების თავდასხმის მოვლენებიდან. საფრთხე არის ძალიან მზარდი, რადგან თუ კი ერთ დღეს 53 ჟურნალისტის და ოპერატორის დაზიანება მოხდა, ეს პროცესი ნებისმიერ დროს, ასევე მოულოდნელად შეიძლება ისევ განვითარდეს. ჩვენ ვხედავთ ფაქტებს თითქმის ყოველდღე, როდესაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებს არ ეძლევათ თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა. ამიტომ, ხელისუფლებამ დროულად უნდა გააანალიზოს ეს საფრთხე, გამოავლინოს დამნაშავეები, შეცვალოს რიტორიკა და აღიაროს მედიის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორის და მონაწილის როლი და პატივი სცეს ამ მონაწილეობას.