ყოველთვის ვიქნებით საქართველოს გვერდით - ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნები და „ბორდერიზაცია“ მიუღებელია და დაგმობას იმსახურებს, - ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, ლინკევიჩუსმა დემოკრატიის მიმართულებით ქვეყნის მიერ გასატარებელ ღონისძიებებზეც გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს ცოცხალი დემოკრატიის რეალიზება ქვეყნის შიგნით.
ლიეტუვას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველო-ლიეტუვას ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა მჭიდროა. მისივე თქმით, ის იმყოფება საქართველოში, რომ აღნიშნოს ორ ქვეყანას შორის 25- წლიანი ურთიერთობის დამყარების საიუბილეო თარიღი.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. ყოველთვის ვაცხადებდით, რომ საქართველო ლიდერი გახლავთ და უნდა გავაფართოვოთ ის, რასაც ვაკეთებთ. ნატო-ს კონტექსტში საქართველო მოქმედებს, როგორც ნატოს- წევრი, გამოყოფს თავის შეიარაღებულ ძალებს, იზიარებს რისკებს.
ასევე, თქვენგან მოველი ამის რეალიზაციას , ეს გახლავთ ცოცხალი დემოკრატია ქვეყნის შიგნით. ეს ნიშნავს ჩართულობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან , განსაკუთრებით მომავალ შემოდგომაზე არჩევნების ჭრილში.
ასევე მნიშვნელოვანია ვისაუბროთ მედიის პლურალიზმზე. ყველა აღნიშნული ინსტრუმენტი მხარდაჭერილი უნდა იყოს მთავრობის მიერ. აღნიშნული ცხადყოფს ჯანსაღ საზოგადოებას, ქვეყანას, რომელსაც ვიხილავთ ევროატლანტიკური კლუბის წევრად მომავალში. ადვილი არ გახლავთ ამის მიღწევა, ვიცით ბარიერი და ობიექტური პრობლემები დგება ჩვენს წინაშე, მაგრამ ეს უკან დახევის მიზეზი არ გახლავთ.
ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით, როცა საჭირო იქნება, არამხოლოდ საზეიმო დროს, არამედ სირთულეებშიც. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ღირებულებებს, რომელიც არამარტო საქართველოსთვის, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია - ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენტიტეტი. ვინც იყენებს სამხედრო წესებს, მიუღებელია. ის, რაც ხდება საქართველოსა და უკრაინაში, რეალურად და სერიოზულად უნდა იქნას დანახული“, - განაცხადა ლინკევიჩუსმა.