პოლიტიკა
„დღეს გაირკვევა, ვინ მიდის „ნაცებში“ და ვინ რჩება „ევროპულ საქართველოში“ - ახალციხის ოფისში შეხვედრა ჩაინიშნა
„ევროპული საქართველოს“ ახალციხის ორგანიზაციის წევრებს პარტიის ლიდერები შეხვდებიან. მას შემდეგ, რაც „ევროპული საქართველოს“ ახალციხის ოფისის თავმჯდომარე გელა დემეტრაძემ და სხვა წევრებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ვაჟა ჩიტაშვილს, პარტიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩიტაშვილის მხარდამჭერებს პარტია დაატოვებინონ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება და ახალციხის ორგანიზაციის წევრების გარდა, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან თარხნიშვილი და ზურაბ ჩილინგარაშვილი დაესწრებიან.
„გელა დემეტრაძეს პარტია არ დაუტოვებია, მას ჩვენ დავატოვებინებთ პარტიას. დღეს ვხვდებით ოფისში ყველას, ვისაც წასვლა უნდა წავა, ვისაც დარჩენა უნდა - დარჩება“, - გვითხრა ზურაბ ჩილინგარაშვილმა.
ჯერჯერობით უცნობია, წარადგენენ თუ არა დღესვე ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარეს და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს.
„ახალი თავმჯდომარის დასახელებამდე, ჯერ ძველები უნდა გავუშვათ, ასეთი დაახლოებით, 3-4 ადამიანია, ვინც სათავეში დგას. ჩვენთვის პრობლემა არ არის, ვისაც უნდა წავიდეს. როგორ შეიძლება ვაჟა ჩიტაშვილი იყოს ორივე პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი? ადამიანი, რომელმაც შეიძლება ორ წუთში ერთხელ შეიცვალოს აზრი. ვაჟა არის სხვა პარტიის წევრი და კანდიდატი. აქედან გამომდინარე, მან თავისი თავი დააყენა პარტიის გარეთ“, - ამბობს ზურაბ ჩილინგარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ვაჟა ჩიტაშვილმა პარტია დატოვა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა. პარტიამ ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა. “ევროპული საქართველოს“ სხვა წევრებმა ამის შემდეგ განაცხადეს, რომ მხარს ჩიტაშვილს დაუჭერენ.
Տարածեք :