პოლიტიკა
საბავშვო ბაღები, ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა - როგორ დაიხარჯება 2021 წლის ბიუჯეტი ახალციხეში
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის 16 მლნ. 360 ათასი ლარია. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ამ თანხას ცენტრალური ბიუჯეტიდან, მსხვილი პროექტებისთვის გამოყოფილი რამდენიმე მილიონი ლარი დაემატება. ახალციხეში პრიორიტეტი მომავალ წელსაც განათლება, ინფრასტრუქტურა და სოციალური საკითხები იქნება.
ახალციხის წარმომადგენლობით ორგანოში ამბობენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი, 2020 წლის მსგავსი იქნება. პრიორიტეტი 2021 წელსაც ინფრასტრუქტურა, განათლება და ჯანდაცვაა. ყველაზე დიდი ბიუჯეტი სწორედ ამ მუხლებში გაიწერა. ინფრასტრუქტურა - 3 მლნ. 329 ათასი ლარი, განათლება - 4 მლნ. 026 500 ლარი, აქედან 3 მლნ.-ზე მეტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირებისთვისაა განკუთვნილი, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 1 მლნ. 384 500 ლარი, საიდანაც კვლევების და ოპერაციის დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 512 ათასი ლარი. რთული ეპიდსიტუაციის გამო, მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, საჯარო განხილვის გარეშე დაამტკიცებენ.
„თანხები ძირითადად, ინფრასტრუქტურაზეა გადატანილი. სოციალური პაკეტი ჩვენ ისედაც კარგი გვაქვს და მორგებულია იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებიც მუნიციპაიტეტში არიან“, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.
2021 წლის ბიუჯეტი, მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით განისაზღვრა 16 მლნ. 360 ათასი ლარით. ეს ნახევარი მილიონით მეტია, ვიდრე 2020 წლის პროექტში. ამის გარდა, ახალციხის მუნიუციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან დამატებით თანხას მასშტაბური პროექტების განხორციელებისთვის მიიღებს. 40 ათასი ლარით არის შემცირებული ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუხლი. 2020 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 424 900 ლარი იყო განკუთვნილი, 2021 წელი კი 1 384 500 ლარზეა დაგეგმილი.
„თანხები ივსება მხოლოდ ინფრასტრუქტურაში, ჯანდაცვაში თანხას არავინ გვაძლევს. მანდ სარეზერვო ფონდიდან გადადის მკურნალობის ხარჯები“, - გვიხსნის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი გელა ლომიძე.
2021 წელს, საკრებულოსა და მერიის ხარჯებში, შრომის ანაზღაურების მუხლი 124 ათასი ლარით არის გაზრდილი. აქედან 29 000 საკრეულოზე მოდის, 94 800 მერიაზე. თუ 2020 წელს 171 თანამშრომლის ხელფასზე 2 მლნ. 57 ათასი ლარი დაიხარჯა, 2021 წელს ეს ციფრი 2 მლნ. 181 ათასი ლარი იქნება.
"კოდექსიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ხელფასების 30% ბიუჯეტში ჩაიდოს დანამატებში. 2021 წლის ამ მუხლში იმიტომ ჩანს ბევრი, რომ 2020 წელს არ გაიცა სააღდგომო პრემია და არანაირი დანამატი, ამიტომ მოხდა სახელფასო მუხლის შემცირება. ამის ფონზე, 2021 წელს დაგეგმილი მეტი ჩანს“, - აცხადებს გელა ლომიძე.
ამის გარდა, გაზრდილია სპორტული და კულტურული სფეროების დაფინანსება. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის განმავლობაში თითქმის არც ერთი ასეთი ღონისძიება არ გამართულა, 2021 წელს სპორტსკოლის ბიუჯეტი 41.7 ლარით გაიზარდა, 26,6 ლარით მძლეოსნობის სპორტული კლუბი. კულტურული ღონისძიებების ბიუჯეტი მომავალ წელს 79.9 ლარით მეტია.
„ა(ა)იპ-სთვის ცოტა მეტი თანხა იმიტომ არის, რომ საფეხბურთო გუნდი შეიქმნა. აქ გათვლილია მათი ხარჯებიც. რაც შეეხება მძლეოსნობის კლუბისთვის გაზრდილ თანხას, მათ მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად დავგეგმეთ ბიუჯეტი. თუ 2021 წელსაც პანდემია გაგრძელდება, მათი ბიუჯეტი შემცირდება. ასევე იქნება კულტურული ღონისძიებების მუხლშიც. თუ ყველაფერი კარგად იქნება, საიდნ უნდა ჩაატარონ ღონისძიებები?“, - გვითხრა გელა ლომიძემ.
ადგილობრივი შემოსავლები იმდენად მცირეა, რომ რადიკალური ცვლილების შეტანა რთულია - ამბობენ სპეციალისტები თვითმმართველობის საკითხებში. თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეების სოციალურ დახმარებაზე უნდა გათვალოს.
„რაც შეიძლება მეტი ეკონომია უნდა იყოს სხვა მუხლებში, როცა ასეთი ფორსმაჟორული სიტუაციაა. შესაძლებელია ინფრასტრუქტურული პროექტები შემცირდეს და ეს თანხა გადატანილი იყოს ჯანდაცვის და სოციალურ ნაწილში“, - აცხადებს კოტე კანდელაკი.
რამდენიმეწლიანი ფინანსური დამოუკიდებლობის შემდეგ, ა(ა)იპ „ახალციხის ციხე“ ისევ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პანდემიის გამო შემცირებული ვიზიტორების გამო, თვითმმართველობას 2020 წელს 210 000 ლარის გამოყოფა მოუწია, 2021 წელს კი ხელფასებისა და მოვლა-შენახვისთვის 333 000 ლარამდეა გამოყოფილი.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ოპოზიციას არ შეუსწავლია. უმცირესობიდან საკრებულოს წევრების ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში რჩება.
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
Տարածեք :